Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივლისიდან გერმანიამ გადაიბარა ევროპის კავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

1 ივლისიდან გერმანიამ გადაიბარა ევროპის კავშირის ექვსთვიანი თავმჯდომარეობა, როცა 27 წევრისგან შემდგარი ბლოკი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე მძიმე რეცესიის წინაშე დგას.

თავმჯდომარეობა განიხილება უკანასკნელ ასპარეზად კანცლერ ანგელა მერკელისთვის, რომლის მიერ წამოყენებული ეკონომიკის აღდგენის მასიური გეგმა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ევროკავშირს, თავი გაართვას კორონავირუსის პანდემიის შედეგებს.

29 ივნისს მერკელი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონს მასპინძლობდა, როცა ორმა ლიდერმა ერთად დაუჭირა მხარი კორონავირუსით მიყენებული ზარალის აღდგენის ფონდს.

მერკელმა, რომელიც ევროკავშირში ყველაზე დიდხანს იმყოფება ხელისუფლების სათავეში, ხაზი გაუსვა გერმანულ-ფრანგულ ერთობას ევროკავშირის ეკონომიკის აღდგენის საქმეში და აღიარა, რომ „მოლოდინები დიდია“, ვინაიდან ევროკავშირის თავმჯდომარე გერმანია ხდება.

მერკელმა და მაკრონმა წარმოადგინეს 500 მილიარდი ევროს მოცულობის გეგმა, რომელიც დაეხმარება პანდემიით მძიმედ დაზარალებულ ევროპას.

ამ ფონდის მოცულობა 750 მილიარდ ევრომდე გაიზარდა და ის ძირითადად გრანტებისგან შედგება. ფონდის მთავარი მიზანია ისეთი დაზარალებული ქვეყნების დახმარება, როგორებიცაა იტალია და ესპანეთი.

მაგრამ გეგმა დაბრკოლებებს აწყდება ზოგი ქვეყნის მხრიდან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გრანტების სისტემას და არ სურთ ფულის გაცემა შეზღუდვების გარეშე.

ევროკავშირს პირველი სერიოზული გამოცდა ელის 17-18 ივლისის სამიტზე. მერკელს იმედი აქვს, რომ მასზე მოხერხდება ფონდის შესახებ შეთანხმების მიღწევა.

XS
SM
MD
LG