Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისთვის ძებნილის დავით ჭაკუას ექსტრადიცია მოხდა


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობეს, რომ გერმანიიდან საქართველოში მოხდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება გერმანიის სასამართლომ მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით.

პროკურატურის განცხადებით, ჭაკუაზე ძებნა არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იყო გამოცხადებული. კერძოდ: „პატიმართა მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, იგივე დანაშაულების წაქეზებისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის, დანაშაულთა პროვოკაციის წაქეზებისთვის და მოწმეზე ზემოქმედების განხორციელებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დანაშაულები დაკავშირებულია ე.წ. 2006 წლის „ციხის ბუნტისა“ და 2012 წლის „ციხის კადრების“ საქმეებთან. ამასთან, პირველ შემთხვევაში, დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. რაც შეეხება ე.წ. „ციხის კადრების“ საქმეს, იგი ამ ეტაპზე სასამართლო განხილვის სტადიაზეა და საქართველოს პროკურატურას აქვს მოლოდინი, რომ მოცემულ საქმეზეც დადგება გამამტყუნებელი განაჩენი“.

როგორც პროკურატურა აცხადებს, ძებნილის ქართული მხარისთვის გადმოცემის თაობაზე შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანელ კოლეგებს 2019 წლის 20 დეკემბერს მიმართა.

„ამასთან, ექსტრადიციის საკითხის განხილვის მთელი პროცესის განმავლობაში, დავით ჭაკუა დავობდა, რომ საქართველოში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარებოდა პოლიტიკური ნიშნით დევნას და არსებობდა მისი უფლებების დარღვევის რეალური საშიშროება. აღნიშნულის საპირისპიროდ, გერმანულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილი საექსტრადიციო მასალების დასაბუთებულობა და დააკმაყოფილა ქართული მხარის თხოვნა, რითაც სრული ნდობა გამოუცხადა საქართველოს პროკურატურას და ქართულ მართლმსაჯულებას“, - აცხადებს პროკურატურა.

XS
SM
MD
LG