Accessibility links

საგარეო საქმეთა მინისტრი უარყოფს, რომ უნგრული Wizz Air-ი საქართველოს ტოვებს


„Wizz Air-ი არსად არ გადის, რჩება საქართველოში და აგრძელებს ოპერირებას“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა თბილისში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზალკალიანმა სპეკულაცია უწოდა ბოლო ხანს გავრცელებულ ცნობებს, რომ უნგრული ავიაკომპანია საქართველოს ტოვებს.

მინისტრის ინფორმაციით, ქართულ მხარეს კომუნიკაცია აქვს ავიაკომპანიის წარმომადგენლობასთან, რათა თანმიმდევრულად და ეტაპობრივად დაიგეგმოს ფრენები, რომლებიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება და, პირველ ყოვლისა, დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე.

პრესკონფერენციაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო Wizz Air-ის მიერ რეისების შემცირება არა მხოლოდ საქართველოს და უნგრეთს, არამედ სხვა არაერთ ქვეყანასაც შეეხო და აღდგენას დრო სჭირდება.

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air-ის თვითმფრინავები კორონავირუსის პანდემიამდე ავიარეისებს ასრულებდნენ საქართველოდან 13 ქვეყანაში, 25-ზე მეტი მიმართულებით. ამჟამად რეისები შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG