Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჟურნალისტი პროკოპიევა გაასაჩივრებს სასამართლოს განაჩენს


სვეტლანა პროკოპიევა
სვეტლანა პროკოპიევა

რუსეთში ჟურნალისტი სვეტლანა პროკოპიევა აცხადებს, რომ გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ის დამნაშავედ ცნო "ტერორიზმის გამართლებაში", საქმეში, რომელსაც ბევრი აკრიტიკებს და სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად მიიჩნევს.

დასავლეთ რუსეთში, ფსკოვში განთავსებულმა სასამართლომ თავისი განაჩენი 6 ივლისს გამოაცხადა და პროკოპიევას ჯარიმის სახით დააკისრა 500,000 რუბლამდე, ანუ 6,700 ამერიკულ დოლარამდე თანხის გადახდა.

"არ ველოდი გამამართლებელ განაჩენს. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ", - უთხრა პროკოპიევამ ჟურნალისტებს და დასძინა: "ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ჩემს პროფესიაში მუშაობა არ ამეკრძალა".

პროკოპიევა, რომელიც რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერიც არის, თავს უდანაშაულოდ აცხადებს და მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს უწოდებს რუსეთში "სიტყვის თავისუფლების მკვლელობას".

"სვეტლანას დამნაშავედ ცნობა ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, არ არსებობს ჟურნალისტთა დაცვა სახელმწიფოს უხეში ძალისგან", - განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დეიზი სინდელარმა და დასძინა: "მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე მოგვაგონებს საჩვენებელ პროცესებს, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებდა. ეს არის დამთრგუნველი თავდასხმა სიტყვის თავისუფლებასა და დამოუკიდებელი პრესის მისიაზე".

პროკურორები მოსამართლეს სთხოვდნენ, პროკოპიევასთვის ექვსი წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა და ოთხი წლით აეკრძალა ჟურნალისტიკაში მუშაობა, ბრალდებით, რომლის მაქსიმალური სასჯელია შვიდ წლამდე პატიმრობა.

XS
SM
MD
LG