Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე შეხვდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს


საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს. მათ ილაპარაკეს უნგრეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

საპატრიარქოს ცნობით, ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და „ჩვენი ხალხი დღემდე ერთგულად იცავს ქრისტიანულ ფასეულობებს“. პატრიარქმა მადლობა გადაუხადა სტუმარს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უნგრეთის მხრიდან გაწეული დახმარების გამო.

საპატრიარქო ავრცელებს პეტერ სიიარტოს სიტყვებს: „მე აქ ვარ წარმომადგენელი როგორც ნამდვილი, ჭეშმარიტი ქრისტიანული ქვეყნისა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მფარველობა ათასი წლის წინ ღვთისმშობელს შეავედრეს. შეიძლება ათასი წელი დიდი დროა ევროპული პერსპექტივით, მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ ქვეყანაში ათასი წლის ხსენებისას, რომლის ეკლესიაც ორი ათასი წლის წინ დააარსა ანდრია მოციქულმა.

მე მინდა გაცნობოთ, რომ უნგრეთის ხელისუფლება და მთავრობა წარმოადგენს ნამდვილად ქრისტიანულ მთავრობას და ცდილობენ გაატარონ პოლიტიკა სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მადლი მოდის ძალისხმევის და შრომისგან. ჩვენ ვიღწვით, რომ მივიღოთ მადლი.

ჩვენ ასევე ღრმად გვწამს, რომ საზოგადოების ჭეშმარიტ საძირკველს სწორედ ოჯახი წარმოადგენს. სადაც მშობლები - მამა და დედა უზრუნველყოფენ ჯანსაღ გარემოს, იდეალურ გარემოს შვილის აღსაზრდელად. ჩვენ როგორც მთავრობა ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, რომ ქრისტიანულ თემებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მთელი მსოფლიო მასშტაბით“.

შეხვედრაზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობის დამადასტურებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ უნგრეთში არის დადიანების მიერ აგებული ტაძარი.

პეტერ სიიარტო მაღალი რანგის პირველი უცხოელია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს სტუმრობს. ის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და კოლეგას, დავით ზალკალიანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG