Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს შაქარაშვილის საქმეზე იაკობ ბრეგვაძის ზარის ჩანაწერს ავრცელებს


შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის, იაკობ ბრეგვაძის აუდიოჩანაწერს ავრცელებს. უწყებაში ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ ატყობინებს ბრეგვაძე 112-ს დანაშაულის შესახებ და რატომ გაუჩნდა მას გამოძახების გაუქმების სურვილი.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ბრეგვაძე 112-ის ოპერატორს ჩხუბის შესახებ ატყობინებს, საპატრულო ეკიპაჟის დაუყოვნებლივ მისვლას სთხოვს და უხსნის, რომ ის იმ წუთებში მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე "ქებაბ ჰაუსთან" იმყოფება. ბრეგვაძე ზუსტ მისამართს ვერ ეუბნება.

"კაროჩე, მანქანით მოვიდნენ, მე დავიმალე, აზრი არ ჰქონდა მე ჩავრეულიყავი. იარაღები ეჭირათ, ჯოხი რკინის, სავარაუდოდ... ოღონდ, მალე მოდით იმიტომ, რომ მანქანით რომ არიან, მალე წავიდნენ, მალე მოდით, რა. დაშავებულებიც იქნებიან", - ისმის აუდიოჩანაწერში.

ამ საუბრის შემდეგ 112-ის ოპერატორი, სავარაუდოდ, თავადვე ურეკავს ბრეგვაძეს და კიდევ ერთხელ ეკითხება ადგილსამყოფელს. ამ საუბარში ბრეგვაძე ამბობს, რომ "არაგვის ხიდზე" უნდა მივიდეს პოლიცია, რადგან იქ ხდება ჩხუბი.

"ტიპები არიან "არაგვის ხიდზე", რომლებიც არიან, იდეაში, დამნაშავეები. მანქანიდან გადმოვიდნენ და "დაგვაყარეს"... [დაშავებულები არიან] წესით..." - ისმის ჩანაწერში.

შეტყობინების გაუქმების ეპიზოდი

ბრეგვაძე: ახლა გადაეცით [შეტყობინება]?

ოპერატორი: არა, ბატონო, გადაცემული არის ეს გამოძახება. უბრალოდ, ვერ აგნებდნენ ამ ტერიტორიას. "ქებაბ ჰაუსი" არ არის მცხეთაში, როგორც ამბობენ. ზუსტი ლოკაცია გვინდოდა.

ბრეგვაძე: ერთი წუთით, შეგიძლიათ გააუქმოთ გადაცემა?

ოპერატორი: აღარ არის ჩხუბი?

ბრეგვაძე: [...] დაიშალა ყველა, წავიდნენ და რაღა აზრი აქვს ახლა, რომ მოხვიდეთ. მარტო მე დამიჭერთ, თუ?..

ოპერატორი: დაჭერით თქვენ არ დაგიჭერენ, ბატონო. გადავცემ ამ ინფორმაციას, ყოველი შემთხვევისთვის მაინც. ზუსტად არაგვის ხიდზე ხართ, ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე...

ბრეგვაძე: უბრალოდ, რომ გააუქმოთ, შეგიძლიათ? გააუქმეთ...

ოპერატორი: გადავცემ, დიახ, გაუქმებასთან დაკავშირებით, ბატონო. მაგრამ თქვენი ლოკაციის დაზუსტება მინდა, უსაფრთხოების მიზნით. თქვენ ხართ ახლა ბათუმიდან შემოსასვლელ გზაზე, არაგვის ხიდზე? პასუხი რომ გამცეთ.

ბრეგვაძე: კი.

ოპერატორი: კარგით, გადავცემ ამ ინფორმაციას.

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ის მანამდე დაბადების დღის წვეულებაზე იყო. საქმე გატაცებისა და ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ამ დღეს მომხდარი ძალადობის გამო დააკავეს 17 პირი, თუმცა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არავის წაყენებია ბრალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG