Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ში ადასტურებენ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმეთა ჩვენებებში წინააღმდეგობებია


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ადასტურებს, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებულ ჩვენებებში „გარკვეული წინააღმდეგობებია“.

„ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა შესწავლილ იქნას და შეფასდეს“, - თქვა ბორცვაძემ შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ რომელიმე მოწმემ მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლის მიზნით არასწორი ჩვენება მისცა, ამაზე მსჯელობა ექნებათ: „მაგრამ აქ გასამიჯნია - კონკრეტული ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური - ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ ამ საქმეზე და საერთოდ, ზოგადად არცერთ საქმეზე. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და გარემოებებს აღიქვამს ინდივიდუალურად. ამიტომ ვამბობ, გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელისშეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“.

მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობრიობას მედიის მიერ მოპოვებული საქმის მასალები ადასტურებს

19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა. ოთხი დღის შემდეგ, მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოჩინეს. გაუჩინარებამდე გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში იმყოფებოდა წვეულებაზე, სადაც სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, არაგვის ხიდის მახლობლად გაგრძელდა.

გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ძალადობა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება. 17 ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

ექსპერტიზის პასუხი, რომელმაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა დაადგინოს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

XS
SM
MD
LG