Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმეში, დამწვარი ტერიტორიის ფაქტზე ცალკე გამოძიება მიმდინარეობს


იმ ტერიტორიის დაწვის ფაქტზე, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, ცალკე გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ტერიტორია განზრახ დაწვეს თუ ეს იყო დაუდევრობა.

„ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გუშინ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა - გაზრახ არის ეს ხანძარი გაჩენილი თუ გარკვეულ გაუფრთხილებლობას აქვს ადგილი. შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებულია ყველა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არის გამოძიების საგანი, ცალკე საქმე ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ტერიტორია, სადაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, დამწვარია. ამ ინფორმაციას ადასტურებს საქმეში კიდევ ერთი ბრალდებულის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი, გიორგი ყიფშიძეც.

რადიო თავიუფლებამ ხანძართან დაკავშირებული კითხვებით შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 6 ივლისს მიმართა. უწყების განმარტებით, პასუხების მოძიებას გარკვეული დრო სჭირდება და როგორც კი ინფორმაცია მზად იქნება, მოგვაწვდიან.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შესაძლოა საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და დამძიმდეს.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე ნახეთ: გიორგი შაქარაშვილის საქმე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG