Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საბჭოური წარსულიდან გამოსვლა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ ვიზრუნებთ ჩვენ იმ ადამიანებზე, ვინც უკანონობა იწვნია საბჭოთა პერიოდში"


გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი
გიორგი კლდიაშვილი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პეტიციით მოითხოვს რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების გაზრდას:

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პეტიციით მოითხოვს რეპრესიების მსხვერპლთა სოციალური დახმარების გაზრდას:

„ვადგენთ აღნიშნულ პეტიციას, რათა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რაც შეადგენს თვეში 7 ლარს, გაიზარდოს და გაუთანაბრდეს სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობას - 44 ლარს.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა“.

IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და პეტიციის ავტორმა, გიორგი კლდიაშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში განაცხადა:

„რეპრესირებულთა მხარდაჭერა და დახმარება არ არის უბრალოდ თანხობრივი საკითხი, არამედ არის ის, თუ როგორი მიდგომა აქვს სახელმწიფოს ამ ადამიანების მიმართ და როგორ იაზრებს, როგორ უნდა გამოსვლა იმ წარსულიდან, რასაც ჰქვია საბჭოთა პერიოდი.

რეპრესირებულები არ არიან მხოლოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში რეპრესირებულები, არამედ ყველა, ვინც სასამართლომ პოლიტიკურად რეპრესირებულად აღიარა, მაგრამ თავისთავად მათი უდიდესი უმრავლესობა საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულები, ან მათი პირდაპირი, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან“.

IDFI აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს „მემორიალთან“, რომელიც ათწლეულებია მხარში უდგას რეპრესირებულ პირებს. ისინი წლებია ცდილობენ სახელმწიფოს ყურადღების მიქცევას:

„სამწუხაროდ, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გამოიწვევს საზოგადოების დიდ ყურადღებას, მაგრამ ეს ჩვენი მეცადინეობა, ეს ჩვენი მცდელობა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ მივიპყროთ საზოგადოების ყურადღება და გავახსენოთ ხალხს, რა იყო საბჭოთა რეპრესიები, რა იყო ის წარსული, რომელიც ჩვენმა მშობლებმა, ჩვენმა ბაბუებმა და ბებიებმა გამოიარეს და რა მძიმე პერიოდში მოუწიათ ცხოვრება და როგორ უსამართლოდ, უკანონოდ მოექცა მათ ხელისუფლება - ადამიანებს, რომლებსაც არანაირი საშუალება არ ჰქონდათ განსაცდელისგან თავის დაღწევის.

ეს იყო სახელმწიფო რეპრესიები და საქართველო არის ამ ნაწილში სამართალმემკვიდრე საბჭოთა კავშირის, რომ აიღოს ზრუნვა ამ ადამიანებზე და სათანადოდ მოეპყროს მათ, აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა მათზე. საქართველოს სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება ასეთ ადამიანებზე ზრუნვის.

ბევრი რამ, რაც დღეს გვჭირს, არის საბჭოური წარსულით და ამ წარსულიდან გამოსვლა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ ვიზრუნებთ ჩვენ იმ ადამიანებზე, ვინც უკანონობა იწვნია საბჭოთა პერიოდში. ასე რომ, კარგი გააზრება იმ წარსულისა, რაც გვქონდა საბჭოურ პერიოდში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს პეტიცია ამ საკითხზეა ზუსტად, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც საბჭოთა პერიოდში განიცდიდნენ დევნას და არა მხოლოდ მათ, ვინც პირადად იყვნენ გადასახლებულები, არამედ მათმა შვილებმაც, რომლებმაც არანაკლები წნეხი განიცადეს, ჩათვალონ თავი დაფასებულად დამოუკიდებელ საქართველოში და იგრძნონ სახელმწიფოს ზრუნვა, რომელსაც ისინი მოკლებული იყვნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში“.

გიორგი კლდიაშვილი თვლის, რომ საბჭოური მენტალიტეტიდან გამოსვლის მაგალითს სახელმწიფო უნდა იძლეოდეს:

„საბჭოთა წარსულის ვერგააზრება არის ბევრის გამაპირობებელი, რაც დღეს საქართველოში ხდება. იგივე სტალინის კულტი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ბევრი ქართველიდან. ეს ყველაფერი ისევ და ისევ რუსეთის ორბიტაზე გვტოვებს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საბჭოთა და პოსტ საბჭოთა მენტალიტეტიდან და პირველ რიგში ამის მაგალითს უნდა გვაძლევდეს სახელმწიფო ამ ადამიანებზე ზრუნვით.

სამწუხაროდ, ეს ადამიანები სოციალური დახმარების მიღების თვალსაზრისით არიან ყველაზე მეტად დაჩაგრულები.

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისთვის არსებობს პენსია - 107 ლარი, რომელსაც იღებს, ვიდრე საპენსიო ასაკს მიაღწევს. მას არ შეუძლია სახელმწიფოსგან მიიღოს ორი პენსია. იმის გამო, რომ სტანდარტული პენსია რეპრესირებულთა პენსიაზე მაღალია, რეპრესირებული პირი ირჩევს ჩვეულებრივ სახელმწიფო პენსიას.

ადრე რეპრესირებულებისთვის არსებობდა სხვადასხვა დახმარება, მათ შორის - კომუნალურ გადასახადებზე და რადგან ეს ყველაფერი გაუქმდა, სახელმწიფომ დაუნიშნა მათ ე.წ. საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რომელსაც იდეაში უნდა დაეკომპენსირებინა ის შეღავათები, რომლებიც ამ ადამიანებს მანადე ჰქონდათ და ეს თანხა განისაზღვრა თვეში 7 ლარის ოდენობით. ეს არის მინიმუმზე მინიმუმი! სახელმწიფომ ამ შვიდლარიანი დახმარებით, გარკვეულწილად მოიშორა ეს ადამიანები თავისი პასუხისმგებლობისგან. ამიტომ, გვინდა ეს 7-ლარიანი სუბსიდია გაიზარდოს 44 ლარამდე, როგორც აქვთ, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ რეალური დახმარება და ეს იყოს სახელმწიფოს მზრუნველობა და არა ის სიმბოლური დახმარება, რასაც დღეს იღებენ“.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG