Accessibility links

თამარ ჩერგოლეიშვილი პარტიას ქმნის და არჩევნების ნაცვლად სასამართლოში მიდის


პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს ონლაინგამოცემა "ტაბულას" დირექტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი. მისი მეუღლე გიგა ბოკერიაც პოლიტიკური პარტიის ლიდერია. წესდება, რომელზეც ჟურნალისტი ახლა მუშაობს, რამდენიმე კვირაში დასრულდება. პარტიად რეგისტრირების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს.

ამ ეტაპზე პარტია არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. თამარ ჩერგოლეიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პარტიის შექმნა მას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შესატანად დასჭირდა. ჩერგოლეიშვილი საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტირებაზე რამდენიმე დღის წინ შეტანილი ჩანაწერის გასაჩივრებას აპირებს.

"მსგავსი გადაწყვეტილება, უბრალოდ, ფარსია. ვითომ, რამე გვარდება. ამაზე [კვოტების შემოღება] იმის თქმა - "თუ არაფერი კეთდება, ხო არაფერი ფუჭდება" - არ არის სწორი. ფუჭდება, [კვოტირება] ქალსა და კაცს შორის კონკურენციის შესაძლებლობას სპობს... ამ წესით გამოდის, რომ ქალები ერთმანეთს უნდა შეაჯიბრონ და კაცები ერთმანეთს", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ახალი საარჩევნო კოდექსით, პარტია არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვერ გაივლის, თუ წარდგენილი სიის ყოველ ოთხეულში ერთი მაინც არ იქნება განსხვავებული სქესის. თუ ქალი წევრი დატოვებს პარლამენტს, ის ქალმა უნდა შეცვალოს და თუ კაცი - კაცმა.

ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხის შესწავლა მხოლოდ დავის დაწყების შემთხვევაში შეუძლია, მეორე მხრივ კი, დავის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი კანონი უშუალოდ მოსარჩელეს უფლებებს არღვევს. სწორედ ამიტომ ქმნის პარტიას თამარ ჩერგოლეიშვილი. კანონში ჩანაწერის კონსტიტუციასთან თავსებადობის დადგენა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა.

"მე პარტიაში არ მინდა ყოველი მეოთხე კაცის ჩასმა. თუ კონსტიტუციის სულისკვეთებაა, თანასწორობა დამყარდეს, დღეს ქალები უთანასწორო მდგომარეობაში არიან და ქალების პარტიის გამარჯვება გაცილებით დიდი ნაბიჯი იქნება, ვიდრე ყოველი მეოთხე ქალის პარლამენტში შესვლა", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

წესდების თანახმად, მის პარტიაში მხოლოდ ქალებს ექნებათ გაწევრიანების უფლება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის არჩევნებისთვის მას რეგისტრაციაზე უარი უნდა უთხრან, რითაც თამარ ჩერგოლეიშვილს საშუალება ეძლევა, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანოს. სარჩელის გაცნობამდე წინასწარი დასკვნების გაკეთება უჭირს კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს, რომელიც ახლა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას წარმოადგენს. თუმცა ამბობს, რომ გენდერული კვოტირება უთანასწორობის აღმოსაფხვრელად საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა და ქართულ კანონმდებლობასაც არ ეწინააღმდეგება.

"კვოტები არათუ შეესაბამება კონსტიტუციას, არამედ, კვოტები რომ არ შემოგვეღო, ეგ იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა. ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ "სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად". ამ შემთხვევაში "განსაკუთრებული ზომა" არის გენდერული კვოტები, რაც აღიარებულია სამართალსა და ადამიანის უფლებებში და არ არის გამოგონება", - განმარტავს ის.

"მე გადაწყვეტილი მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვიდოდი, უბრალოდ, ამ ეტაპზე - არა", - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ კვოტირებით დაკომპლექტებულ პარლამენტში მისი ადგილი არ არის.

როგორც წესი, ეს რამდენიმეთვიანი პროცესია - სავარაუდოდ, გადაწყვეტილების გამოცხადების დროს საქართველოს უკვე კვოტირებით არჩეული დეპუტატები ეყოლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG