Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი იწყებს ელექტრონული კომუნიკაციების კანონის სადავო ცვლილებების განხილვას


საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის კანონებში შესატან ცვლილებებს. მათი ინიციატორი მთავრობა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

11:30 საათზე დანიშნულ სხდომამდე პარლამენტთან პრესკონფერენციას გამართავენ ტელე და რადიომაუწყებლების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებებს საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. 10:00 საათზე დაგეგმილი პრესკონფერენციის ინიციატორია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის".

მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მთავრობას მოუწოდებენ ინიციატივა გაიწვიოს, ხოლო პარლამენტს - არ დაუშვას საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება, რადგან მთავრობის ინიციატივა მოიცავს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს და უდიდეს ზიანს მიაყენებს მედიაგარემოს.

კოალიციის „მედიის ადვოკატრებისთვის“ შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ძალაუფლება მიღებული გადაწყვეტილებების ამოქმედებით და რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სუბიექტების მართვის და წილის გასხვისების უფლების მეშვეობით. კომისია შეძლებს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტების გამოყენებით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება მედიის გავრცელების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, სარეკლამო მომსახურების და შრომითი უფლებების გადაწყვეტის საკითხებზეც კი.

თავის მხრივ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია უარყოფს, რომ ცვლილებებს რაიმე კავშირი აქვს მედიასა და მაუწყებლებთან.

კომისიის განცხადებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის ელექტრონული კომუნიკაციების კანონში და აღსრულების ეფექტური მექანიზმი ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ, ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. კრიტიკული ინფრასტრუქტურაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო-ტექნიკური და ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხება მაუწყებლობის კანონში შესატან ცვლილებას, კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ის მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების კანონის ცვლილების პროექტის თანმდევი დაზუსტებაა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ამ განმარტების მიუხედავად, მაუწყებლების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებობს პოლიტიკური მიზნებით კანონის ინტერპრეტირების და მედიის წინააღმდეგ გამოყენების საფრთხე.

XS
SM
MD
LG