Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტის ვარაუდით, შაქარაშვილს დაზიანებები რამდენიმე ადამიანმა მიაყენა


დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები რამდენიმე ადამიანმა მიაყენა.

10 ივლისს, პროკურატურამ ოფიციალურად გამოაქვეყნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, 19 წლის ფეხბურთელს, გარდაცვალებამდე ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული აქვს დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში:

„არ გავუსწრებ გამოძიებას, თუმცა, მიმაჩნია, რომ თუკი ეს დაზიანებები მან მიიღო ცემის შედეგად, ნაკლებსავარაუდოა, რომ ეს დაზიანებები მისთვის ერთ ადამიანს მიეყენებინა იმ ვითარებასა და პირობებში, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს“, - ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმადვე, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

XS
SM
MD
LG