Accessibility links

მირიან ნიკოლაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს


გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო ოჯახის პოზიცია ახლად გამოქვეყნებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ. „ამ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში გადააგდეს მდინარე არაგვში“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ადვოკატის თქმით, ყველა, დაახლოებით 12 დაზიანება გიორგის მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც, მისი თქმით, უტყუარად ადასტურებს, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგის მდინარეში გადაგდება.

„წარმოუდგენელია, გამორიცხულია ის, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, სირბილის, წაქცევის დროს. დაზიანებები არის მიყენებული დაწყებული სახის არიდან დამთავრებული ტანის არეში. ხელების მიდამოებში და ყველგან“, - განმარტა ნიკოლაძემ.

გენერალური პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე გიორგი შაქარაშვილის ოჯახის კატეგორიული პოზიციაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

„კვალიფიკაცია, რომელიც პროკურატურამ შემოგვთავაზა, ბუნებრივია, კარგია, ეს არის სისხლის სამართლის სწორი კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ამ მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით“, - დაამატა ადვოკატმა.

შაქარაშვილის ბიძამ დააზუსტა: „მე არ მითქვამს, რომ მოკლეს და გადააგდეს, არამედ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში. ამ დასკვნით, ბავშვის დახრჩობის უშუალო მიზეზი არის ასფიქსია, რომელიც განვითარდა წყალში. გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი, ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდგომაც გადააგდეს მდინარეში და დადგა ლეტალური შედეგი“.

10 ივლისს, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. რომელსაც გიორგი და მასთან ერთად, კიდევ ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებულნი გაეშურნენ.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმადვე, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG