Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო საოკუპაციო ხაზთან მომხდარს ეხმიანება - რა არ უნდა გამოგრჩეს 13 ივლისს


აშშ-ის საელჩო საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საოკუპაციო ხაზთან მომხდარის გამო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ცნობების გამო, რომლის თანახმადაც, 11 ივლისს კონფლიქტის ზონაში რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს, დაჭრეს და დააკავეს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ..."

განცხადებაში, რომელსაც ავრცელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში, ასევე ნათქვამია, რომ ინციდენტების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს:

"ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე..."

საელჩოს განცხადებაში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

EUMM ეხმიანება საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და "სავარაუდო" დაჭრას

განახლებული ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ

დღეს გავიგებთ ამ დროისთვის ბოლო ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელების შესახებ. ამის შესახებ დილის ტრადიციულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოდან მარინა ეზუგბაია ისაუბრებს.

გასული 24 საათის განმავლობაში კი საქართველოში ახალი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღეს, ქვეყანაში 114 აქტიური შემთხვევა აღირიცხება.

საერთო ჯამში, საქართველოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსის 986 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 857 პაციენტი. ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-ია.

დღეს მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12 მილიონ 500 ათასს აჭარბებს.

შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. არის მსხვერპლი

საქართველოს მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ ორი ქვეყნის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკების პროვოცირებაში. ორივე მხარე ადასტურებს სროლის შედეგად რამდენიმე სამხედროს დაღუპვას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სომხეთის შეარაღებულმა ძალებმა სცადეს საზღვრის გადაკვეთა აზერბაიჯანის ქალაქ ტოვუზის მიმართულებით და მოწინააღმდეგის პოზიციების დაკავება.

"ჩვენი დანაყოფების საპასუხო ნაბიჯების შედეგად, მტერი დამარცხდა და დანაკარგებით უკან დაიხია. შეტაკების დროს, დაიღუპა ორი აზერბაიჯანელი სამხედრო, ხოლო 5 დაშავდა", - აცხადებს ბაქო.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი არ ადასტურებს სომეხი სამხედროების დანაკარგს და აცხადებს, რომ ინციდენტს აზერბაიჯანელი სამხედროები შეეწირნენ. ერევანი საზღვრის კვეთაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

წაიკითხე მეტი.

რუსული არმიის ქართველი კაპიტანი

9 ივლისს ევროპულ კალათბურთში საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. კონტინენტის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, მოსკოვის „ცსკა“, კიდევ ერთი კარგი კალათბურთელით გაძლიერდა და სამომავალსეზონოდ კონკურენტებთან ბრძოლაში წარმატების შანსიც გაზარდა.

ეს ამბავი საქართველოს სპორტულ ცხოვრებაში, ალბათ, ერთ რამდენიმეწინადადებიან ინფორმაციას არ გასცდებოდა, საქმე ჩვენებურს რომ არ ეხებოდეს. „ცსკას“ რჩეული საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაა. ესპანეთის „ბასკონიის“ ქართველმა აწ უკვე ყოფილმა ლიდერმა გაცილებით მაღალი რანგის კლუბთან კონტრაქტი „ლიგა ენდესას“ (ესპანეთის ჩემპიონატის) მოგებიდან ერთ კვირაში გააფორმა.

ერთი შეხედვით წარმატებული ტრანსფერი რეალურად თორნიკე შენგელიასთვის დიდი თავისტკივილი აღმოჩნდა, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ეს პრობლემა მისთვის მოულოდნელი იყო. ნაკრების კაპიტანმა ბევრი გულშემატკივრისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება ცივ გონებაზე მიიღო და კრიტიკასაც იმთავითვე ელოდა. შენგელიამ თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა - თქვა, რომ ევროპულ გრანდში გადასვლა მისი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია და მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ბრწყინვალე მოთამაშეების გვერდით და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით ითამაშებს.

წაიკითხე მეტი.

▪️ რატომ შეუყვარდა „ექიმ ჟივაგოს“ ავტორს საქართველო?
▪️ იყო თუ არა პასტერნაკის და ტიციან ტაბიძის მეგობრობა, უბრალოდ, საბჭოთა რუსი და საბჭოთა ქართველი მწერლების მეგობრობა?
▪️ რისი აღიარების გვეშინია, როდესაც მეოცე საუკუნის კლასიკოსებზე ვსაუბრობთ?
▪️ რას ამბობს და რას გვიმალავს ისტორია?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG