Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: სამშობლოს გარეშე დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩემი სამშობლო საქართველოა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომდევნო 100 დღე საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება. მისი თქმით, 100 დღეში საქართველო გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება.

ახალგაზრდებთან გამართული ონლაინდიალოგის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მას კარგი პოზიცია უკავია, თუმცა ამის მიუხედავად სამშობლოს გარეშე დარჩენას არ აპირებს და მზადაა ბრძოლისთვის:

"მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი არ უნდა იყოს, სასურველია, არ იყოს უფსკრულში, რადგან უფსკრულში მიდის ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ჩვენ აქ გვიკეთებენ ანესთეზიას საქართველოში, ანესთეზიას გვიკეთებენ, რომ დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი არ გაანძრიოთ, ფეხი არ გაანძრიოთ. ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვებენ ტურისტებს, ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ, რადგან რაც მეტად ღარიბი იქნება ხალხი, მით უფრო ადვილად, უფრო იაფად გაიყიდება, ივანიშვილის აზრით”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ახლა უმთავრესია მომავლის რწმენის განმტკიცებაზე მუშაობა და ამისთვის ყველა პარტიამ უნდა იზრუნოს:

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს, გადავდოთ ეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინსაუბარში.

ონლაინჩართვისას საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს:

"ჩემის აზრით, უზენაეს სასამართლოში უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეები და ამ უცხოელ მოსამართლეებს უნდა მივცეთ საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აღასრულონ მართლმსაჯულება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა 13 ივლისს.

მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისის ვიდეომიმართვაში გამოთქმული მიუღებელი განცხადებების გამო, 10 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა.

10 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან შეხვედრაც გაიმართა.

ელჩის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მხოლოდ მის პირად შეხედულებებს ასახავს, უკრაინის მთავრობა თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.

უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის თემაზე უკვე მეორედ დაიბარეს. მანამდე კი უკრაინის რეფორმების საბჭოში მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო საქართველომ უკრაინიდან ელჩი კონსულტაციისთვის გამოიძახა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 9 ივლისის ვიდეომიმართვაში ამბობდა, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია და არ ცნობს კანონიერებას იმ სიტუაციისა, რომელიც საქართველოშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG