Accessibility links

ნუკრი ქანთარია პანდემიის დროს მთავრობის უფლებების გაზრდაზე: იარაღი უნდა იყოს გატენილი


უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების მაღალი მაჩვენებელია, მთავრობას ბერკეტები უნდა ჰქონდეს. ის მიესალმება მთავრობისთვის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის უფლების გადაცემას.

"ახლაც თუ ვამბობთ, რომ ეს არის უხილავი მტერი, რომელიც როდის დაგვესხმევა თავს, არ ვიცით, მე მგონი, სავსებით მარტივია, რომ იარაღი უნდა იყოს გატენილი, არათუ მერე დაიწყო ტყვიის ძებნა", - თქვა ქანთარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მთავრობას უფლება ექნება 2021 წლის პირველ იანვრამდე შეზღუდოს კონსტიტუციური უფლებების ნაწილი. მათ შორის, გადაადგილება, საკუთრების უფლება და ეკონომიკური საქმიანობა. საკითხს უკვე დაეთანხმა კომიტეტი.

"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონის მოქმედი რედაქციით, მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლება 15 ივლისამდე აქვს. სწორედ ამ მიზეზით პარლამენტმა დოკუმენტის დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომებზე განხილვა დაიწყო.

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, მთავრობას პარლამენტმა კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ბერკეტი 22 მაისს მისცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მთავრობას შეუძლია შეზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა, პირთა გადაადგილება და ა.შ.

საქართველოში ჯერ კიდევ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები და მთავრობა ეპიდსიტუაციის სამართავად არ აძლევს ყველა ბიზნესს გახსნის უფლებას. გარდა ამისა, ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დღეს ოპერირებს, განსხვავებული წესები აქვს და მოეთხოვება სოციალური დისტანციისა თუ უსაფრთხოების სხვა წესების დაცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG