Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს: ბრძოლა აუცილებლად ბოლომდე


ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას, რომელიც საქმიანობის შეჩერებაზე იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მიზნებს ხედავდა, სანოტარო ელექტრონულ ბაზებზე წვდომა აღუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ის თავად ავრცელებს ფეისბუკზე.

"ცხადია არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში... რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას", - აცხადებს ის.

ბაჩანა შენგელია რამდენიმე დღე იუსტიციის სამინისტროსგან უშედეგოდ ითხოვდა, რომ კვლავ ჰქონოდა ნოტარიუსისთვის საჭირო პლატფორმებზე წვდომა. მას ეს უფლება რამდენიმე კვირის წინ მის წინააღმდეგ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეუჩერეს. შენგელიამ დოკუმენტი სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მისთვის პროგრამებზე წვდომა მიეცა.

თავად შენგელია დისციპლინური წარმოების დაწყებას "ვითომ სამართლებრივ" პროცესს უწოდებდა და დედის, ია კერზაიას საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უკავშირებდა. მან ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც წაიღო.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი შვილი, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. მისი განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობაზე.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს. 23 აგვისტოს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.

XS
SM
MD
LG