Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კლანს არ აინტერესებს რა მართლმსაჯულებას იღებს ჩვენი ქვეყანა"


"კლანს არ აინტერესებს რა მართლმსაჯულებას იღებს ჩვენი ქვეყანა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:42 0:00

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი. ამის პარალელურად საბჭომ გამოაცხადა კონკურსი 99 ვაკანსიაზე პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში მოსამართლეთა თანამდებობებზე, რომელზეც საბუთების მიღების ვადა იწურება მიმდინარე კვირის დასასრულს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„ეს ორი დამოუკიდებელი პროცესია, თუმცა ორივე დატვირთული კომპლექსური პრობლემებით. ორივე პროცესი თანაბარი მნიშვნელობისაა თავისი არსით, ფუნქციით. მოსამართლე პირველი ინსტანციის იქნება თუ უზენაესის, მას აქვს განსაკუთრებული როლი მართლმსაჯულების სისტემაში”.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მიმდინარე პროცესშიც უკვე არის გამოვლენილი დარღვევა და ეს ეხება კონკურსის პირველი ეტაპის ვადის დაუცველობას:

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ძალიან უხეშად დაარღვია რეგისტრაციისთვის დაწესებული ვადა. საკმაოდ მნიშვნელოვანი დროით დაირღვა ის, მაგრამ მაინც გაარგძელეს შერჩევის პროცესი. ეს ახსნილი იყო პანდემიით. შეიძლება ამაში სადღაც იყოს ლოგიკური ახსნა, მაგრამ იმ პანდემიის შემდგომ კორონავირუსი არსად წასულა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები იმართება ჩვეულებრივად. მაშინაც შეეძლო დისტანციური სხდომა ჩაეტარებინა და გადაეწყვიტა ეს საკითხი. პანდემიით ახსნას ვერ მივიღებ“.

რაც შეეხება მიმდინარე გასაუბრებების მიმდინარეობას, „დილის საუბრების“ სტუმარი პროცესის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი:

„ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ პროცესისადმი იმ წარსული განწყობიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო თითქმის ორი წლის განმავლობაში დაგვიგროვდა - ათკაციანი სია რომ წარადგინა პარლამენტში იუსტიციის საბჭომ 2018 წლის ბოლოს, იქიდან მოყოლებული რომ არაფერი შეიცვალა, მიქაუტაძე ისევ გახდა უზენაესის მოსამართლე და კიდევ ბევრი სხვა, ვინც იმ ათკაციან სიაში იყო. ცხადია, ეს სკეპტიკურ განწყობას მიმძაფრებს.

წინა ჯერზე საქართველოს პარლამენტში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურა, მაგრამ მისი განაცხადი და მასალები დიდხანს იყო შემოდებული თაროზე პარლამენტში. მერე მოვისმინეთ პარლამენტის განცხადებები, რომ აღარ აპირებდნენ ვინმეს შერჩევას და საბოლოოდ, ვისზეც მე ვპალარაკობ - ვასილ როინიშვილი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე.

ანუ პირდაპირ უზენაესიდან გადაბარგდა საკონსტიტუციოში ათი წლის ვადით. ეს იმდენად დადგმულია და წინასწარ გაწერილი სცენარია, რაშიც კანონებს იშველიებენ...

სწორედ ამის გამო, გასაუბრება, ვფიქრობ, არაფრის მომცემია, თუმცა მაინც ვსვამ შეკითხვებს, რომ საზოგადოებას მიეწოდოს გარკვეული ინფორმაცია, შთაბეჭდილება შეექმნას პროცესზე. პირადად მე არ მგონია, რომ ამით რამე შეიცვლება. გასაუბრებებზე კანდიდატები ყოველთვის ცდილობენ არ გაანაწყენონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები“.

ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის არსს ასე აღწერს:

„მთელი სისტემა მიმართულია იქითკენ, რომ დაიკავონ თანამდებობები, დაიკავონ სკამები, ჩაიცვან მანტიები, სხვადასხვა სასამართლოებში. სხვადასხვა პოზიციებზე, სხვადასხვა ადმინისტრაციული პრივილეგიები მიიღონ. სისტემას, კლანს არ აინტერესებს რა მართლმსაჯულებას იღებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. ესაა მთავარი გამოწვევა.

ამდენი ხანია სისტემაში არის ასი ვაკანსია. დღეისათვის, უზენაესის გარდა, საქართველოში არის დაახლოებით 280 მოსამართლე. ეს ვაკანსიები თანმიმდევრულად რომ შევსებულიყო, ადამიანები არ ივლიდნენ სასამართლოებში წლების განმავლობაში და დროულად მიიღებდნენ სასამართლოდან გადაწყვეტილებებს და მართლმსაჯულებით შედეგებს“.

„დილის საუბრების“ დასასრულს ნაზი ჯანეზაშვილმა ყურადღება გაამახვილა ერთ ფაქტზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ვადის გახანგრძლივებას უკავშირდება:

„ორ მოსამართლეს ამოეწურა ათწლიანი ვადა. ესენი არიან შავლიაშვილი და ქათამაძე. მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მათ გაუგრძელა სამოსამართლო საქმიანობის ვადა არაუგვიანეს 2021 წლის 1 იანვრისა. თავის დროზე ეს ადამიანები პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაუგრძელა ვადა დაახლოებით 6 თვით.

რეალურად ვინმეს შეიძლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათი მომავალი გადაწყვეტილებების გასაჩივრების სურვილიც კი გაუჩნდეს, რომლებსაც ეს მოსამართლეები ამ გაგრძელებული ვადის განმავლობაში მიიღებენ, ვინაიდან, ჩემი პირადი აზრით, საბჭო იყო არალეგიტიმური ორგანო გაეგრძელებინა ვადა და შესაბამისად, ეს მოსამართლეები ვერ მიიჩნევიან კანონის საფუძველზე დანიშნულებად იმ ვადაში, რომელშიც გაგრძელებული აქვთ უფლებამოსილება. ხშირად აბსურდამდეც მივდივართ - საიდან მოსდის ეს იდეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ანუ, პარლამენტი ირჩევს მოსამართლეებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭო უგრძელებს ვადას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG