Accessibility links

მიხეილ სააკაშვილმა ოდესაში გახსნა „მარტივი გადაწყვეტილებების ოფისი“


უკრაინის საკურორტო ქალაქ ოდესაში 16 ივლისს გაიხსნა „მარტივი გადაწყვეტილებებისა და შედეგების ოფისი“, რომლის გახსნაზე იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი.

რადიოს თავისუფლებასთან საუბარში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შემდეგი ოფისის დნეპრში გაიხსნება და ყველა ოფისს ექნება თავის სპეციფიკა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „მარტივი გადაწყვეტილებების ოფისები“ იმუშავებენ საბაჟო, საგადასახადო, სასამართლო სისტემის, სამშენებლო-არქიტექტურული და სხვა სახელმწიფო სამსახურების რეფორმირებაზე.

„ოდესის ოფისი დაკავდება მუნიციპალური მმართველობითა და უკრაინის საზღვაო პორტებით, შეისწავლის ლიცენზიების გაცემას იმ პირთათვის, რომლებიც ზღვით შოულობენ ფულს. ასეთი ოდესელების რადენობა სულ მცირე 100 000-ია და ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარონ, მათ პრობლემებს უქმნიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნულ საბჭოში, აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დანიშნა.

მაგრამ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს საქართველოს შიდა პოლიტიკის გარშემო განცხადებების გაკეთებას, რასაც მწვავე რეაქციები ახლავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც თავის დროზე მწვავედ გააკრიტიკა სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში და კონსულტაციებზე თბილისში გამოიძახა უკრაინაში საქართველოს ელჩი.

10 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის თემაზე მეორედ დაიბარეს უკრაინის ელჩი.

წინა დღით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 9 ივლისის გაკეთებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია და არ ცნობს კანონიერებას იმ სიტუაციისა, რომელიც საქართველოშია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ, 14 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილის გარშემო ვითარება სამწუხაროა, ვინაიდან უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს პოზიციის გახმოვანების უფლებამოსილება, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არჩევნების წინ არსებულ სიტუაციაზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა: ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოს შესახებ თავის კომენტარებში არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას“, - განაცხადა დმიტრი კულებამ, რომელმაც დასძინა, რომ უკრაინა საქართველოსთან მეგობრობას აფასებს,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG