Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფეისბუკზე" არასათანადოდ დეკლარირებული პოლიტრეკლამა შეჩერდება


ორიოდე დღის წინ “ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ უპასუხა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 29 ივნისის მიმართვას.

ორიოდე დღის წინ “ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ უპასუხა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 29 ივნისის მიმართვას. მან განცხადების რამდენიმე ათეულ ხელმომწერს აცნობა, რომ აგვისტოდან „ფეისბუკი“ საქართველოზე გაავრცელებს რეგულაციებს, რომლებიც მის პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უკავშირდება და გულისხმობს „პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკის“ სახელით ცნობილი ინსტრუმენტის სრულფასოვნად ამოქმედებას საქართველოს სივრცეში.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე რადიო თავისუფლების ეთერში ყვება რა უძღოდა წინ „ფეისბუკის“ გადაწყვეტილებას:

„„ფეისბუკთან“ კომუნიკაცია გვაქვს 2019 წლის აპრილიდან მოყოლებული და სწორედ ამ პერიოდიდან ჩვენ უკვე ვსაუბრობდით მათთან ამ მექანიზმის აუცილებლობაზე, რომელიც არის „ფეისბუკის“ „პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკა“, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური რეკლამის უფრო მაღალ გამჭვირვალებას.

ეს მექანიზმი თავის მხრივ შეიქმნა მას შემდეგ, რაც 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე და შემდეგ რამდენიმე სხვა არჩევნებზე, მათ შორის ევროპის ქვეყნებში, წამოვიდა დიდი კრიტიკა „ფეისბუკისადმი“ და სწორედ ამ ქვეყნებში ფეისბუკმა დაიწყო გარკვეული ღონისძიებების გატარება საარჩევნო და პოლიტიკური მიზნით რეკლამების განთავსების დროს უფრო მაღალი გამჭვირვალების სტანდარტის შემოთავაზებით. ეს მექანიზმი ჯერ აშშ-ში, შემდგ 2019 წელს ევროპარლამენტში არჩევნებისთვის ევროპის ქვეყნებში ჩაირთო და შემდეგ უკრაინაშიც ჩაირთო 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს ვახსენე „ფეისბუკის“ წარმომადგენლებთან ჩემს პირველ შეხვედრაზე, იყო „პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის“ სრულყოფილი ფუნქციებით ჩართვა. ეს Ad Library დღესაც მოქმედებს, უბრალოდ მთელი რიგი გამჭვირვალების სტანდარტები საქართველოზე აქამდე არ ვრცელდებოდა.

იმ პერიოდიდან მოყოლებული, რამდენჯერმე იყო დაპირება სხვადასხვა ვადაზე, რომ ეს ამოქმედდებოდა. არჩევნებამდე 4 თვით ადრე გადავწყვიტეთ გაგვევრცელებინა ეს ოფიციალური მიმართვა და კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა „ფეისბუკისთვის“ მისი პირობა. როგორც ჩანს, ისინიც უკვე მზად აღმოჩნდნენ, რომ ამ მოთხოვნას მეტი გულისყურით მოკიდებოდნენ იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები მოახლოვდა. არ ველოდით, რომ ოფიციალურ, წერილობით პასუხს გაგვცემდნენ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ გვქონდა მათთან კომუნიკაცია და გვთხოვეს ყველა ხელმომწერი ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც ცხადად მიანიშნებდა, რომ აპირებდნენ წერილობით პასუხს“.

რამდენად ეფექტიანია ეს მექანიზმი და რა შედეგი მოიტანა, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში?

„ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ უკრაინის არჩევნებზე საერთაშორისო მისიაში და ეს საკითხებიც მოექცა მათი ყურადრების ქვეშ. ჩვენი კოლეგა ორგანიზაცია უკრაინაში ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით სოციალურ მედიაზე მონიტორინგსაც ახორციელებდა.

უკრაინაში ნიშანდობლივი ის იყო, რომ "პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა" სრულყოფილი სახით ჩაირთო დაახლოებით სამი კვირით ადრე საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ეს იყო ძალიან მოკლე დრო, რომ რეალური შედეგი ჰქონოდა, რადგან სამწუხაროდ, მას რეტროაქტიული ძალა არ აქვს. შეიძლება განსაკუთრებული ეფექტი საპრეზიდენტო არჩევნებზე უკრაინაში არ ჰქონია, მაგრამ უფრო გაიმართა საპარლამენტო არჩევნებისთვის. იქ აღმოჩნდა ცალკეული შემთხვევები, როცა დისკრედიტაციული ანონიმური გვერდების შესახებ მეტი გახდა ცნობილი და გაირკვა, რომ რეკლამებში გადახდილი იყო რუსული რუბლით“.

Ad Library-ს ამოქმედების შემდეგ, „ფეისბუკი“ გამოაქვეყნებს ყოველთვიურ ინფორმაციას პოლიტიკური რეკლამების განთავსების შესახებ, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ინფორმაცია რეკლამის შემკვეთების შესახებ 7 წლის განმავლობაში შეინახება. ასეთი ინფორმაციაზე წვდომა სასარგებლო უნდა იყოს საქართველოს აუდიტის სამსახურისთვის, რომელიც სწავლობს პოლიტიკური ფინანსებს:

„2018 წლის არჩევნებიდან მოყოლებული მუდმივად მოვუწოდებდით აუდიტის სამსახურს, შეემუშავებინა მეთოდოლოგია, რომ გამოეკვლია, როგორც მინიმუმ, მიახლოებით გაეთვალა, რა სახის თანხები იხარჯებოდა დასპონსორებულ კამპანიებზე, რომლებზეც პასუხისმგებლობას არ იღებდნენ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ აშკარად მათი ინტერესებისთვის გამოიყენებოდა.

აუდიტის სამსახურს მუდმივად ჰქონდა პასუხად, რომ "ფეისბუკთან" ვერ თანამშრომლობდნენ ამ კუთხით და არ ჰქონდათ შესაძლებლობები ამ თანხების გამოკვლევის. დღეს რეალურად აუდიტის სამსახურისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება „ფეისბუკის“ ეს ინფორმაცია და შეეძლება მოკითხოს ორგანიზაციებს რატომ გასწიეს ესა თუ ის ხარჯი "ფეისბუკზე" პოლიტიკური რეკლამისთვის“.

რაც შეეხება Ad Library-ს სრულფასოვნად ამოქმედების შემდგომ რეგულაციებს, მიხეილ ბენიძე „დილის საუბრებში“ განმარტავს:

„აქ პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ საქართველოში გავრცელებული პოლიტიკური რეკლამის განთავსების შემთხვევაში ცნობილი უნდა იყოს უშუალოდ ვინ ათავსებს, მისი ვინაობა და მხოლოდ “ფეისბუკის” ანგარიშზე მითითებული სახელი ამისთვის საკმარისი არ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ესა თუ ის პირი პოლიტიკურ რეკლამას ათავსებს „ფეისბუკზე“, მან უნდა დაამტკიცოს ვინაობა, წარადგინოს ფეისბუკთან პირადობის მოწმობა და ეს ასლი ექნება „ფეისბუკს“.

ამის ერთ-ერთი მიზანი არის აგრეთვე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არ განათავსონ საქართველოში პოლიტიკური რეკლამა, რადგან ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა, მითუმეტეს - რუსეთის ფაქტორი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობია.

ამ სტანდარტების დაკმაყოფილება დღესაც შეუძლია რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოსს. დღეს ეს ანგარიშვალდებულება ნებაყოფლობითია. სხვათაშორის არიან საქართველოში ცალკეული პოლიტიკოსები, ვისაც ეს ავტორიზაცია გავლილი აქვს და მათ მიერ განთავსებული რეკლამის შემთხევაში, ეს ინფორმაცია დეტალურად არის ხელმისაწვდომი.

აგვისტოდან კი „ფეისბუკი“ სავალდებულოს გახდის, რომ პოლიტიკური რეკლამა ან საარჩევნო საკითხებზე რეკლამა, თუ უნდა რომ განათვსოს რომელიმე მომხმარებელმა, უნდა გაიაროს ავტორიზაცია და გაასაჯაროოს დეტალური ინფორმაცია: რა თანხა იყო გადახდილი, რა გეოგრაფიულ არეალზე იყო მიმართული, რა დემოგრაფიული განაწილება იყო მნახველების და რა პერიოდში იყო რეკლამა აქტიური.

„ფეისბუკი“ ამბობს, რომ შევატყობინებთ პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებსო. შესაბამისად, აქ უკვე „ფეისბუკი“ ასაჯაროებს სტანდარტს, რაც სავალდებულოა და რომელიმე პოლიტაქტორი ვერ იტყვის, რომ არ იცოდა.

ეს მექანიზმი „ფეისბუკში“ მოქმედებს თვითდეკლარირებით. როცა ეს თვითრეგულირებადია, შეიძლება ვინმემ სცადოს მოთხოვნებისთვის გვერდის ავლა.

"ფეისბუკს“ ამისთვის აქვს მექანიზმები და პირველი, ალბათ, არის მისი ალგორითმები, რაც ყველაზე მძლავრი მექანიზმია, რომელიც ავტომატურად აღმოაჩენს პოლიტიკურ რეკლამას. მათ ამის დიდი გამოცდილება აქვთ. როცა არაავთენტურ ქსელებზე ვლაპარაკობთ, ესეც დიდწილად ალგორითმებით არის ხოლმე გამოვლენილი. თუ „ფეისბუკმა“ „დაიჭირა“ პოლიტიკური რეკლამა, რომელიც არ იყო სათანადოდ დეკლარირებული, ეს რეკლამა ავტომატურად შეჩერდება. ის მაინც აღირიცხება პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკაში და შემკვეთს მოსთხოვენ გაიაროს შესაბამისი ავტორიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეეზღუდება რეკლამის განთავსების შესაძლებლობა.

მეორე მექანიზმია ის, რომ ჩვენი - დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეეძლება ასევე „დარეპორტების“ გზას, როცა აღმოვაჩენთ, რომ რეკლამა არის პოლიტიკური შინაარსის და არასათანადოდ არის დეკლარირებული. სხვა მექანიზმებიც აქვთ“. მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ „ფეისბუკის“ გადაწყვეტილებით პრობლემა ასი პროცენტით არ გვარდება, თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ გამოწვევას 90%--ზე მეტით მაინც აგვარებს“.

ISFED-ის წამომადგენელი საუბრის დასასრულს ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად „ფეისბუკის“ გადაწყვეტილებისა Ad Library-ს მექანიზმი გაავრცელოს საქართველოზეც, საინფორმაციო სივრცის წესების დარღვევით გამოყენების საკითხი სრულად არ გვარდება და საჭიროა ყურადღება ახალი მანკიერებების აღმოსაჩენას:

„კარგია გამჭვირვალების მაღალი სტანდარტი და ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, როცა „ფეისბუკი“ ამბობს, რომ ჩვენი 2020 წლის არჩევნები მათ რადარზე იქნება, მიუხედავად აშშ-ში ასევე მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანიისა. კარგია, როცა ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან ითანამშრომლებენ და ასევე პარტიებს და რეკლამის განმათავსებლებს წინასწარ მიაწვდიან ინფორმაციას მოთხოვნების შესახებ, მაგრამ არ უნდა გვეგონოს რომ გამოწვევები სოციალური მედიის გამოყენების კუთხით საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად უკვე აღმოიფხვრა და ჩვენ იდეალურ სივრცეში მოგვიწევს ყოფნა. დეზინფორმაცია გამოწვევად ისევ დარჩება. ეს არაავთენტური, ხელოვნური კამპანიები, სამწუხაროდ, კვლავაც დარჩება. აქ უკვე როგორც ჩვენი, ისე „ფეისბუკის“ ეფექტიანობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გამოვლინდება, მაგრამ ასევე არ არის გამორიცხული, რომ ბოროტი მიზნებით მოქმედმა აქტორებმა ახალ-ახალი მეთოდების მოძიება სცადონ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG