Accessibility links

ღამურები, ჩვენება რუსულად და მორიგი პროპაგანდა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ


ცხინვალი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე მის კონტროლირებად  ტერიტორიაზე გამიზნულად ღამურების დასაჭერად გადავიდა, რათა შემდგომ ისინი თბილისში გაეყიდა.

სამხრეთ ოსეთის “კგბ-ს” მტკიცებით, რეგიონში მობინადრე ღამურებით დაინტერესებულია აშშ-ის დაფინანსებით აშენებული ლუგარის ბიოლაბორატორია.

“ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს”, - ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი.

საქართველოს მოქალაქე, გამყოფი ხაზისპირა სოფელი მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს 3 ივლისს. ორი კვირის შემდეგ, ცხინვალის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავებულმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთა ღამურების დასაჭერად, რომლებიც თბილისში, 5 000-10 000 აშშ დოლარად უნდა გაეყიდა.

სამხრეთ ოსეთის კგბ-ს გავრცელებულ ვიდეოში ხვიჩა მღებრიშვილი გაუმართავი რუსულით ჰყვება, რომ მას უთხრეს, თითქოს არცევში - რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს - არის ადგილი, სადაც ღამურები ბუდეებს აწყობენ. დიალოგი ასე გრძელდება:

მღებრიშვილი: შემდეგ დავურეკე არცეველ ბიჭებს.
კგბ: მათ დაურეკე, რათა ენახათ, იყვნენ თუ არა იქ ღამურები?
- კი.
- რომ ეპოვათ, იყიდდი?
- კი. როგორც ზაზამ მითხრა, გვარი არ მახსოვს - სოფელშიც ბევრი ამბობდა - თბილისთან ახლოს ცხოვრობს, რაიონი არ მახსოვს. თბილისში 5 000-10 000 დოლარს იხდიან ერთში.

“ღამურები არის სუფთა სისულელე. საიდან მოიგონეს?! რა რეჟისორი ჰყავთ?! ნორმალურ ადამიანს ეგ თავშიც არ მოუვიდოდა. ჩვენ თვითონ შოკში ვართ. გვეცინება, ეგეთ რაღაცებს რომ ალაპარაკებენ”, - უთხრა ჟურნალისტებს დაკავებულის ოჯახის წევრმა ჯუმბერ მღებრიშვილმა.

პასუხი თბილისიდან

განცხადებაში, სამხრეთ ოსეთის კგბ ასევე ხაზს უსვამს, რომ თბილისში მდებარე ლუგარის ცენტრი ახორციელებს პროექტს ღამურებსა და კორონავირუსთან დაკავშირებით.

ლუგარის ბიოლაბორატორია რომ ღამურებს იკვლევს, ამას აქამდეც ამბობდა დაწესებულების ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. როგორც ვირუსების მატარებელი ცხოველები, ღამურები საინტერესო მასალაა ლაბორატორიისთვის.

“ამაზე კომენტარიც არ შეიძლება, რომ გაკეთდეს, იმდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი. ადამიანი თურმე წავიდა იმისთვის, რომ იქ ღამურა [დაეჭირა] და მერე ლუგარის ცენტრისთვის მიეყიდა. ეს ისეთი ზღაპარია, რომელსაც არც ერთი ჩემი შვილიშვილი არ დაიჯერებს", - ამბობს გამყრელიძე და განაგრძობს: “ღამურები არიან ძალიან საინტერესო კვლევებისთვის მთელი რიგი მიმართულებებით. ჩვენ ვეძებდით, ხომ არ იყვნენ საქართველოში ცოფის გადამტანი ღამურები - რაც არ აღმოჩნდა. კორონავირუსებსაც ვეძებდით, ახალი არა, თუმცა 4 სახეობის კორონავირუსი იყო [ღამურებში]”.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, აღუდგეს ნებისმიერ მცდელობას რომელიც “ფეიკ ნიუსებითა” თუ შეტევებით ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად:

“ხაზგასასმელია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა - მათი შრომა პანდემიის თითოეულ ეტაპზე დასაფასებელი იყო და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, წინ აღვუდგეთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ფეიკ ნიუსებითა თუ რეალური შეტევებით მიზნად ისახავს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას”.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ცხინვალის განცხადებას აფასებს როგორც მორიგ სუსტ მცდელობას, შეიქმნას დაბნეულობა და შესუსტდეს ქართველი ხალხის ნდობა ლუგარის ცენტრისადმი.

ცენტრის დათვალიერების შემდეგ ცხადია, რომ მისით ქართველები უნდა ამაყობდნენ. როგორც ბატონი გამყრელიძე და ბატონი პაატა და მათი გუნდი გაუმკლავდნენ ამ მოულოდნელ და უპრეცედენტო სიტუაციას, ქართველებისთვის ნამდვილად საამაყო უნდა იყოს.

ლუგარის ცენტრი, როგორც რუსული დეზინფორმაციის სამიზნე

წლებია, აშშ-ის დაფინანსებით აგებული ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი თბილისში კრემლისა და მასთან აფილირებული პირებისა თუ მედიაორგანიზაციების დეზინფორმაციის სამიზნეა.

ლუგარის ცენტრის შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას ხშირად ავრცელებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტიც. უკანასკნელად, ცხინვალმა განაცხადა, რომ ქართული მხარე და ლუგარის ლაბორატორია ცდილობენ „სამხრეთელი ოსების“ ბიოლოგიური მასალის მოპოვებას და ამაში დახმარებას უწევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მანამდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევების დადასტურების შემდეგ, ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებამ საქართველოს სპეცსამსახურები, დრონების დახმარებით, გამყოფ ხაზთან უხილავი ვირუსის გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა.

რუსული პროპაგანდა სხვადასხვა დროს, ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ამერიკელები ექსპერიმენტებს ატარებენ; ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ; აფხაზეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირებულ კოღოებს თუ აზიურ ფაროსანას ავრცელებენ; ცხინვალის რეგიონში - ღორის გრიპს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG