Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 მიზეზი, როგორ მოიგო ლუგარის ლაბორატორიამ დრო კორონავირუსთან ბრძოლაში 


წლების განმავლობაში, რუსული პროპაგანდის საპირწონედ, საქართველო დაჟინებით ხსნიდა, თუ რა როლს ასრულებს ბიოუსაფრთხოების თვალსაზრისით ამერიკის დაფინანსებით შექმნილი ლუგარის ლაბორატორია. კორონავირუსის პანდემიამ რეალურ მაგალითზე აჩვენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის.

რა უპირატესობა მისცა საქართველოს ლუგარის ცენტრმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში?

„საქართველო თავისი რეაგირებით არის ლიდერი და ვფიქრობ, ქართველები ძალიან ამაყები უნდა იყვნენ იმ ფაქტით, რომ NCDC ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად აღმოჩნდნენ წარმატებულები იმაში, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არის მთავარი პრიორიტეტი. ეს ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია“, - უთხრა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებას, 5 მარტს. ამ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა.

წინასწარი მზაობა

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებამდე 22 დღით ადრე, ლუგარის ცენტრში უკვე არსებობდა ვირუსის დიაგნოსტირების შესაძლებლობა. შექმნიდან 20 დღეში რეაგენტი თბილისში იყო.

„გუშინ ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტიდან ღამე ჩამოვიდა დამატებითი რეაგენტები, რაც ჩვენ გვაკლდა იმისთვის, რომ ბოლომდე დაგვესვა ლაბორატორიული დიაგნოზი“, - უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 4 თებერვალს. კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი მხოლოდ 26 თებერვალს დაფიქსირდება.

ჯერ კიდევ რეაგენტების ჩამოსვლამდე, რესპირატორული ვირუსების ლაბორატორიაში დაცული კოლექციის წყალობით, ქართველი მეცნიერები გამორიცხვის მეთოდს იყენებდნენ. სპეციალისტებს, ცენტრში არსებული მასალის გამოყენებით, 22 სახეობის გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადების დადგენა შეეძლოთ.

პაატა იმნაძე:
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

ლუგარის ლაბორატორიის ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და წლების განმავლობაში იქ დაგროვებული სამეცნიერო ცოდნის გამო, საქართველო აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოსტირების საშუალება ჰქონდა.

სისწრაფე და მაღალი დატვირთვა

კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქებიდან ლაბორატორია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დღე-ღამის განმავლობაში ლუგარის ცენტრის თანამშრომლები სამ ცვლაში, ასობით ნიმუშის აღებასა და დამუშავებას ახერხებენ. პასუხის მიღებას კი მხოლოდ 4-5 საათი სჭირდება.

ტესტირების სიზუსტე და უსაფრთხოება

ლუგარის ლაბორატორიაში პრაქტიკულად გამორიცხულია შეცდომები ტესტირების სიზუსტეში და ნებისმიერი საფრთხე სამეცნიერო პერსონალისთვის. დამუშავებული ტექნოლოგიებით დაზღვეულია მთელი პროცესი - დაწყებული ნიმუშის აღებიდან, მისი ტრანსპორტირებითა და ლაბორატორიაში შეტანით დამთავრებული.

„ლაბორატორია საშუალებას გვაძლევს, რომ უმცირესი გენეტიკური განსხვავებები დავიჭიროთ მიკროორგანიზმებს შორის და განვასხვაოთ, ერთი და იგივე მიკრობი დასავლეთ საქართველოსია თუ აღმოსავლეთის“, - ამბობს პაატა იმნაძე, ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელი და განაგრძობს: „პირველი რისკი არის თანამშრომლის უსაფრთხოება, როცა ის მუშაობს საშიშ მიკრობებთან. ჩვენი დაცვა არის მესამე დონის. ეს საშუალებას გვაძლევს, ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ვიმუშაოთ. ყველაფერზე, რაც მსოფლიოში იქნება, დიაგნოსტიკა გავაკეთოთ“.

სამეცნიერო ცოდნის დაგროვება და გადაცემის გამოცდილება

პანდემიის ჩავლის შემდეგ ლუგარის ლაბორატორია ტესტირებიდან კვლევაზე გადავა, თუმცა „ცხელ პერიოდში“ ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა მოახერხეს ცოდნის ტექნოლოგიების გაზიარებით ტესტირების სისტემის გადანაწილება ქუთაისსა და ბათუმში.

ლუგარის ცენტრი დეზინფორმაციის მიზანში

რუსულ მედიას წლებია, ლუგარის ცენტრი დეზინფორმაციის მიზანში ჰყავს ამოღებული. ახალი კორონავირუსის გავრცელება აშშ-ის ბიოლაბორატორიებს დაუკავშირა კრემლთან მჭიდროდ დაკავშირებულმა არხმა Ren TV-მ. 27 იანვრის სიუჟეტში „მუტაცია, საიდუმლო ლაბორატორია თუ პროვოკაცია: საიდან გაჩნდა კორონავირუსი“, იგორ ნიკულინზე, რუს სამხედრო ექსპერტზე დაყრდნობით გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კორონავირუსის გავრცელება ამერიკის ინტერესებშია. ამ კონტექსტში ჟურნალისტი ლუგარის ლაბორატორიასაც ასახელებს.

ლუგარის ლაბორატორია საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:23 0:00

რუსული პროპაგანდა სხვადასხვა დროს, ასევე, ამტკიცებდა, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ამერიკელები ექსპერიმენტებს ატარებენ; ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ; აფხაზეთში ზიკას ვირუსით დაინფიცირებულ კოღოებს თუ აზიურ ფაროსანას ავრცელებენ; ცხინვალის რეგიონში - ღორის გრიპს.

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ზე ათასობით ტესტია ჩატარებული, ვირუსით ინფიცირება 43 შემთხვევაში დადასტურდა. კორონავირუსის პანდემია ლუგარის ლაბორატორიისთვის აღმოჩნდა „ცოცხალი“ ტესტი, რომელიც ამ ერთდროულად სამეცნიერო, სამედიცინო და სტრატეგიული მნიშვნელობის ცენტრის შესაძლებლობას რეალურად წარმოაჩენს.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG