ევროპის კავშირის ლიდერებმა კვლავ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტისა და კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის დახმარების ფონდის გარშემო და გადაწყვიტეს, კიდევ ერთი დღე იმუშაონ ამ თემებზე.
ბრიუსელში 17 ივლისს დაწყებული სამიტი თავდაპირველად ორდღიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაგრძელდა 19 ივლისის გვიან ღამემდე და 27 სახელმწიფოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, 20 ივლისს კვლავ გამართონ შეხვედრა.
ბრიუსელის სამიტზე პოლიტიკოსებმა ემოციები გამოავლინეს, როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა საყვედური გამოთქვა ნიდერლანდისა და ავსტრიის ლიდერების მიმართ და დაიმუქრა, რომ შეხვედრას დატოვებდა.
შარლ მიშელმა, ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც მასპინძლობს და უძღვება შეხვედრას, 27 სახელმწიფოს ლიდერებს მიმართა, რომ 600 ათას ადამიანზე მეტი დაიღუპა კორონავირუსის გამო მსოფლიოში და მათი პასუხიმგებლობაა, ახლა ერთად დადგნენ. „იმედი მაქვს, - თქვა მიშელმა, - მივაღწევთ შეთანხმებას და ხვალ დაიწერება: „ევროკავშირმა შეუძლებელი შეძლო“.
რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შედეგად ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ კრედიტებისა და გრანტების 750 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტის მოცულობასა და თანხების გაცემის პირობებზე. დახმარება განკუთვნილია ევროპის კავშირის ქვეყნებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ზარალი ნახეს კორონავირუსის პანდემიის შედეგად.
19 ივლისს მიშელი განახლებული შეთავაზებით გამოვიდა, რათა დაეძლია „მომჭირნეთა“ კოალიცია ნიდერლანდის, შვედეთის, ავსტრიის, დანიისა და ფინეთის შემადგენლობით, რომელსაც სურს პაკეტის შემცირება და თანხების გამოყენების მკაცრი წესების შემოღება.
ევროკავშირმა ასევე უნდა დაამტკიცოს 2021-2027 წლების, ტრილიონი ევროს მოცულობის, ბიუჯეტი.