Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით გარდაცვლილ მე-16 პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა


კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მამაკაცი 16 ივლისს კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით გადაიყვანეს თბილისიდან, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრიდან, სადაც მანამდე მკურნალობდა.

ლიკა მუმლაძის განცხადებით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გარდა, პაციენტს სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა, იმყოფებოდა ჰემოდიალიზზე.

გარდაცვლილი პაციენტი გეგმური ჰემოდიალიზის სეანსებზე დადიოდა ნეფროლოგის განვითარების კლინიკურ ცენტრში, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრის შენობაში მდებარეობს.

როგორც ცენტრის წარმომადგენელი, ექიმი-ნეფროლოგი ნინო ბუაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, 15 ივლისს პაციენტს ჰემოდიალიზის გეგმურ სეანსამდე, თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა აღმოაჩნდა.

„დაფიქსირდა ტემპერატურა თერმოკონტროლზე შემოსვლისას, მოხდა PCR ტესტის აღება, დადებითი პასუხის მოსვლისთანავე პაციენტი გადაყვანილი იქნა მცხეთის კლინიკაში“, - ამბობს ნინო ბუაძე.

ტესტის პასუხის მიღებამდე პაციენტს ჰემოდიალიზის პროცედურა ჩაუტარდა, ის კვირაში სამჯერ საჭიროებდა ამ პროცედურას. ნინო ბუაძის განცხადებით, 4-საათიანი პროცედურის დროს მას და სხვა პაციენტებს შორის დაცული იყო უსაფრთხო დისტანცია. ამ დროს პროცედურას 8 პაციენტი იტარებდა. ყველა მათგანის ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა, ნინო ბუაძის განცხადებით, ეს პაციენტები უსაფრთხოების მიზნით შინ აღარ გაუშვიათ და კლინიკაში რჩებოდნენ.

მისივე ცნობით, პაციენტებსა და კლინიკის მედპერსონალთან ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირება ტარდება.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1039-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 900.

დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.

20 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.

XS
SM
MD
LG