Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის აია სოფიას ტაძარს თურქეთში? ძეგლები, რომლებიც თურქეთში მეჩეთებად გადააკეთეს


მას შემდეგ, რაც თურქეთის სამთავრობო საბჭომ წმინდა სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი დაუბრუნა, მეცნიერები და იუნესკოს წარმომადგენლები ბჭობენ: მოხერხდება თუ არა, რომ ისტორიული ძეგლი ტურისტებისა და მკვლევრებისთვის კვლავაც ხელმისაწვდომი იყოს, რა მოუვათ ფრესკებსა და მოზაიკებს და ასე შემდეგ.

წმინდა სოფიას ტაძარი პირველი არ არის, რომელიც ჯერ მეჩეთად გადაკეთდა, შემდეგ მუზეუმად და შემდეგ ისევ მეჩეთად. 2019 წელს მეჩეთის სტატუსი მიიღო მაცხოვრის სახელობის ტაძარმაც, 2013 წელს აია სოფიას ტაძარმა ტრაპზონში, 2011 წელს კი აია სოფიას ტაძარმა ნიკეაში (იზნიქი). ესენი ბიზანტიური ტაძრებია, რომლებიც ოსმალური იმპერიის დაპყრობის შემდეგ მეჩეთებად გადააკეთეს. მე-20 საუკუნეში მათ მუზეუმების სტატუსი მიიღეს. ზოგიერთ მათგანში შენარჩუნებულია ბიზანტიური კულტურის უნიკალური ნიმუშები - ფრესკები და მოზაიკა.

სოფია ნიკეაში - გადარჩენილი ფრესკა მინის ქვეშ

ნიკეის წმინდა სოფიას ტაძარი ბიზანტიის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია, ის მე-6 საუკუნეში იმპერატორმა იუსტინიანემ ააშენა. სწორედ ამ ტაძარში ჩატარდა 787 წელს ბოლო მსოფლიო კრება, რომელსაც კათოლიკეებიც აღიარებენ და მართლმადიდებლებიც.

1331 წელს, როდესაც თურქებმა მცირე აზიის ნაწილი დაიპყრეს, ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1922 წელს ხანძარმა შენობა სერიოზულად დააზიანა. 1935 წელს ის უკვე მუზეუმი გახდა, მაგრამ კომპლექსური რესტავრაცია მხოლოდ 2007 წელს გაუკეთდა, 4 წლის შემდეგ კი მუზეუმი უკვე მეჩეთად გადააკეთეს.

ხანძრის შემდეგ ბიზანტიური გამოსახულებები თითქმის აღარ დარჩა, ამიტომ დასაფარიც არაფერი იყო. ახალ შენობას მხოლოდ ხალიჩები შეემატა და ფირფიტები, რომლებზედაც ყურანიდან ამოღებული ციტატები იყო დატანილი.

„ნიკეას აია სოფიაში ერთი ფრესკაა - დეისუსი. მასზე ღვთისმშობელი, ქრისტე და იოანე ნათლისმცემელი არიან გამოსახული. ის მინით დაფარეს“, - ჰყვება თურქული პრესის მიმომხილველი ოლგა ტოპჩუ, რომელმაც აია სოფია რამდენიმე წლის წინ მოინახულა.

სოფია ტრაპზონში - მეჩეთიც და მუზეუმიც

წმინდა სოფიას ტაძარი ტრაპზონში მე-13 საუკუნეშია აშენებული. 1461 წელს სულთანმა მეჰმედ მეორემ ტრაპზონი დაიპყრო და ტაძარი მეჩეთად გადააკეთა. თურქეთის ამ ნაწილში თითქმის პირველ მსოფლიო ომამდე ბერძნები ცხოვრობდნენ და ქრისტიანული ტაძრებიც მოქმედი იყო. შემდეგ დაიწყო პონტოელი ბერძნების მასობრივი ჟღლეტა და ამ ტერიტორიაზე უმეტესად თურქები დასახლდნენ.

1916 წელს ტრაპზონი რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. ტაძარში ჰოსპიტალი გაიმართა. ამ დროს რამდენიმე ფრესკა აღმოაჩინეს. 1958 წელს აია სოფიაში რესტავრაცია ჩაატარეს და საღებავის ფენის ქვეშ ავთენტურ ფრესკებს წააწყდნენ, რომლებიც მე-13 საუკუნეს მიეკუთვნებოდა. 1964 წელს კომპლექსმა მუზეუმის სტატუსი მიიღო, თუმცა 2013 წელს თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აია სოფია ისევ მეჩეთად გადაეკეთებინა.

ახლა შენობა ორად არის გაყოფილი - მუზეუმად და მეჩეთად. მუზეუმად ტაძრის ის ნაწლი იქცა, სადაც ფრესკებია შემონახული. იქ ტურისტებს ცალკე შესასვლელიდან უშვებენ. მეორე ნაწილში ხალიჩები და ტენტებია, რომლებიც გუმბათის მოხატულობას ფარავს. იქ მუსულმანები ნამაზს ასრულებენ.

ტურისტებისთვის არაფერი შეცვლილა

მაცხოვრის ტაძარი ერთ-ერთია იმ ძეგლებიდან, რომლებიც ბიზანტიურ კულტურას მიეკუთვნება და კარგ მდგომარეობაში შემორჩა. ფრესკების რაოდენობით ის სტამბოლის აია სოფიას ედრება. ტაძარი მე-4 საუკუნეში აშენდა, მე-11 საუკუნეში კი გადაკეთდა. კოსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ის მეჩეთი გახდა, მაშინ ფრესკები კირით დაფარეს.

1948 წელს ამერიკელმა არქეოლოგმა თომას უიტემორმა, რომელიც სტამბოლის აია სოფიას მოზაიკებს სწავლობდა, მაცხოვრის ტაძრის რესტავრაციაც დააფინანსა. კირის ფენა მოხსნეს და ბევრი საკრალური გამოსახულება აღადგინეს. 10 წლის შემდეგ შენობა გაიხსნა, როგორც მუზეუმი, 2019 წელს კი ის ისევ მეჩეთად გადააკეთეს.

„ტურისტებისთვის არაფერი შეცვლილა. მუზაიკები და ფრესკები არ დაუფარავთ. ტურისტები ძველებურად სტუმრობენ კომპლექსს. შიგნით ძველებურად მუშაობს სუვენირების მაღაზია“, - ამბობს ირინა კაპლანი, რელიგიის მიმომხილველი.

რა ელის წმინდა სოფიას სტამბოლში?

თურქი ისტორიკოსი თორგულა ისმაილი ამბობს: „პირველ რიგში, შესვლა უფასო გახდება, როგორც ყველა დანარჩენ მეჩეთში. სოფია ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია ბიუჯეტისთვის. შესასვლელი ბილეთი, დაახლოებით, 15 დოლარი ღირს. შარშან სოფიას 3 მილიონ 200 ადამიანი ესტუმრა. სტატუსის შეცვლით ბიუჯეტი წელიწადში 50 მილიონი დოლარით იზარალებს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების ფასი“.

რც შეეხება ფრესკების შენარჩუნებას, ისტორიკოსის აზრით, სანერვიულო აქ არაფერია:

„ახლა უფრო თანამედროვე მეთოდებია. მაგალითად, ნამაზის დროს შეიძლება ფრესკები ფარდით დაიფაროს, შემდეგ კი ისევ გაიხსნას“, - ამბობს ის და ირწმუნება, რომ მკვლევრებს შეეძლებათ ექსპონატებზე ძველებურად იმუშაონ.

თურქული გაზეთი Hürriyet წერს, რომ მთავრობა აპირებს აია სოფიაში საგანგებო განათება დააყენოს, რომლის მეშევეობით ნამაზის დროს ფრესკები აღარ გამოჩნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG