Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკა რეალურად არ მოქმედებს"


ორიოდე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა გაავრცელა მიმართვა, რომელიც ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტებს ეხება.

„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის“ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების უხეში ხელყოფის გამო.

ეს კოალიციისა და მისი ცალკეული წევრი ორგანიზაციის პირველი განცხადება არ არის, რომელიც ოკუპაციასა და მის ფონზე მომხდარ დარღვევის ფაქტებს ეხება. კოალიციის წევრი ერთ-ერთი ორგანიზაციის - საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, ნინო ჯომარჯიძე რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„კოალიცია ყოველთვის ცდილობს პერიოდულად გამოეხმაუროს რუსეთის ფედერაციისა და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან უკანონო ქმედებებს და ხაზი გაუსვას, რომ აღნიშნული ქმედებები ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში გახშირებულია უკანონო ბორდერიზაცია და ამ ფაქტებთან დაკავშირებით ასევე გააკეთა საქართველოს კოალიციამ განცხადება. აგრეთვე, ახალგორში შექმნილ კრიზისულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კოალიციის წევრი ორგანიზაციები ცალ-ცალკე გამოვეხმაურეთ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ როგორ დამძიმდა ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაზე ნამდვილად მიუთითებს როგორც გახელაძის, ასევე მღებრიშვილის უკანონო დაკავების ფაქტები.

ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა საქართველოს მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი წესით დაკავების ფაქტები. ხშირად ეს ადმინისტრაციული წესით ხდებოდა და საქართველოს მოქალაქეებს, ეთნიკურად ქართველებს აკისრებდნენ ჯარიმას და გადახდის შემდეგ ათავისუფლებდნენ ცხინვალის ტყვეობიდან. თუმცა, როცა სახეზე გვაქვს სისხლისსამრთლებრივი წესით დაკავება, ასეთ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს წლობით უწევთ ცხინვალის ციხეში ყოფნა და რა თქმა უნდა, ისინი იქ არასათანადო პირობებში იმყოფებიან, რაც უფრო მეტად ართულებს და ამძიმებს მათ მდგომარეობას. 2008 წლიდან, პირველ ეტაპზე პირიქით უფრო ხშირი იყო სისხლისსამართლებრივი დაკავებები. აღნიშნულ საქმეებზე მიმართული გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. შემდეგ ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა და დაკავება უფრო ხშირად ადმინისტრაციული წესით ხდებოდა“.

ნინო ჯომარჯიძის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებრიობისადმი მიმართვამდე, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს კონკრეტული ნაბიჯების გადადმა რუსეთის მიერ მისი მოქალაქეების უფლებათა დარღვევების აღსაკვეთად. მიმართვაში საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოთხოვნების ნაწილში ჩამოთვლილია:

  • გამოიყენოს ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმი ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის დროულად გასათავისუფლებად; ასევე, სხვადასხვა აქტორებთან თანამშრომლობით და მოლაპარაკების გზით უზრუნველყოს დაკავებული გახელაძის და მღებრიშვილისთვის ადვოკატის ყოლის უფლების რეალიზება;
  • დროულად განაახლონ სამუშაო ჯგუფის შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტების განსახილველად;
  • წარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
  • გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დასრულების და საქართველოს მოქალაქეთა უფლებების ხელყოფის შესაჩერებლად;
  • გაააქტიუროს პატრულირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ე.წ. გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე იმ სოფლებში, სადაც ფიქსირდება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები;
  • უზრუნველყოს ადამიანთა უსაფრთხოება შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობით მაღალი რისკის ადგილებში.

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიესალმება „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებში ერგნეთში შეხვედრის დაგეგმვას და თვლის, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ღონისძიება.

რაც შეეხება ე.წ. ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირების საკითხს, ნინო ჯომარჯიძის თქმით, ის 2012 წლის შემდეგ შემცირებულია და მისი გააქტიურება ხელს შეუწყობდა საქართველოს მოქალაქეთა გატაცების პრევენციას:

„2012 წლამდე საქ ხელისუფლების წარმომადგენლები პატრულირებდნენ რეალურად ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ. ხშირად ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებიც აღნიშნავდნენ, რომ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები იქ ადგილზე პატრულირებდნენ პერიოდულად, ნაკლები იყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის მესაზღვრეების მიერ საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტები. თუმცა, პატრულირების გააქტიურება არ იქნება საკმარისი ამის სრულად აღსაკვეთად“.

საია-ს იურისტის განცხადებით, „მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გააძლიეროს პოლიტიკა კონფლიქტებთან მიმართებით“:

„სანამ თვითონ სახელმწიფოს არ ექნება საკმარისად გამჭვირვალე, მკაფიო პოლიტიკა ამ საქმეზე, რთული იქნება რაიმე შედეგს მივაღწიოთ, ან სხვა სახელმწიფოებს მოვუწოდოთ კონკრეტული ქმედებისკენ რუსეთის წინააღმდეგ. არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რომლის გამოყენებაც სახელმწიფოს შეუძლია, მათ შორის ვგულისხმობ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საჩივრების შეტანას. დღეისთვის საქართველოს აქვს 4 საჩივარი, აქედან რეალურად სამი საქმე არის მიმდინარე რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ ომის დროს და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა დარღვევას შეეხება. თუმცა, ეს იმ პერიოდში მომხდარ დარღვევებს ეხება და არ უკრძალავს საქართველოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც ვხედავთ, რომ გრძელდება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს აღნიშნული მექანიზმი და მიმართოს სასამართლოს მისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად“.

საქართველოს ხელისუფლებისადმი მოთხოვნების გარდა, კოალიციის განცხადებაში ნახავთ მოთხოვნებს ოკუპანტი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი:

რუსეთის ფედერაციას:

  • შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას;
  • შეწყვიტოს უკანონო ბორდერიზაცია და ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევა, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა;

საერთაშორისო ორგანიზაციებს:

  • გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი წარმომადგენლობის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად და ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად;
  • გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის დროულად გასათავისუფლებად;
  • გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად;
  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხელი შეუწყოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრების დროულ განახლებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციებია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, საერთაშორისო სამართლიანობა, უფლებები საქართველო, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი.

"დილის საუბრების" ბოლო ნაწილში ნინო ჯომარჯიძე ყვება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოში 2008 წელს სავარაუდოდ ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ და საომარ დანაშაულებზე წარმოებული გამოძიების სტატუსზე. ნინო ჯომარჯიძის ვარაუდით, კოვიდის პანდემიამ, დიდი ალბათობით, შეანელა პროცესი და შესაძლოა ნაცვლად 2020 წლისა, კონკრეტული ინდივიდის/ების დაკავების ორდერების გამოცემა 2021 წელს მოახერხოს. ამას თან ერთვის ტრიბუნალის ახალი პროკურორის შერჩევის პროცესი და ახალი პირის დანიშვნის პერსპექტივა, რაც თავის მხრივ, ასევე შეიძლება იქცეს პროცესის გაჭიანურების მიზეზად.

ნინო ჯომარჯიძე არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებამ მყისიერად ვერც შეიტყოს დაკავების ორდერის/ების გაცემის შესახებ, რადგან ჰააგის ტრიბუნალმა შეიძლება მეტი ეფექტიანობისთვის არჩიოს დახურული ორდერების გაცემა:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG