„მთავარი არხის“ ეთერში 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბიძაშვილს უთხრეს, რომ ყინულის არქონის გამო ცხედარს დღეს სახლში ვერ გადაასვენებენ. გარდაცვლილის მამის თქმით, ოჯახმა უკვე იშოვა ყინული და დილით შეძლებენ მის გადასვენებას.
თამარ ბაჩალიაშვილის მამა დღეს, 22 ივლისს, იმ ადგილზეც იმყოფებოდა, სადაც ცხედარი იპოვეს და ის გაკვირვებულია, რატომ დასჭირდა პოლიციას სამძებრო სამუშაოებისთვის ხუთი დღე. „დღეს გავიარე მაგ ადგილზე და ხელის გულივით ჩანს მანქანა. არავითარი დრონი არ გაუტარებიათ, არ ყოფილა ასეთი რამ. გზიდან, რომ გაიხედები ხელმარჯვნივ, როგორც ხელის გული, ისე ჩანს მანქანა, 50-60 მეტრში... ტრიალი მინდორია. წუხელ, რომ აქცია ჩატარდა, დილით გამოჩნდა ყველაფერი“, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
გარდაცვლილის მამას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. „ეს ყველაფერი მოდის გარედან“, - შენიშნავს ის. მისი თქმით, თამარს ოჯახის მხრიდან არანაირი პრობლემა არ ჰქონია: „ეს მოდის თავისი სამსახურის მხრიდან“.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი იხსენებს: „ორჯერ შევატყვე, რომ აღელვებული დაბრუნდა, სანამ პანდემია იქნებოდა. რამდენიმეჯერ მუშაობის პროცესში იყო განერვიულებული. ისეთ მდგომარეობაში ვარდებოდა... მე არ გავჩერდები, სანამ ბოლომდე არ მივა ეს საქმე. უნდა დაიწყონ სამსახურის მხრიდან სადაც მუშაობდა, ბევრ რაღაცას მერე დავამატებ“. ის პოლიციის მოქმედების უკმაყოფილოა. „გამოძიებას კომპიუტერის გარდა არაფერი წაუღია. ჯერ გვიან გახსნეს. 2-3 დღე აქეთ-იქით დავდიოდით. ერთი იძახის, რომ გახსნილია [კომპიუტერი], მეორე იძახის, რომ „არა, ჯერ ვერ გავხსენით“. დღემდე არავის მოუწოდებია ინფორმაცია, გაიხსნა თუ არა. არაფერი კომპიუტერის მხრიდან არაფერი არავის უთქვამს... მე დამღუპეს, ეგ ვიცი“, - თქვა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილის ინფორმაციით, მისი სურვილით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით ჩაერთვება არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ ექსპერტი.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. გთავაზობთ, ექსპერტიზის ბიუროს განმარტებას:
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ავტომანქანაში ნახეს. ადვოკატის თანახმად, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.
თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
დაწერეთ კომენტარი