Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხარაულის ბიურო ყინულის თემაზე ბაჩალიაშვილის ოჯახის წარმომადგენლებთან კომუნიკაციას უარყოფს


სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო ეხმაურება 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მამას და აცხადებს, რომ „სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუროს გარდაცვლილის ახლობლებმა მოსთხოვეს ყინული და მათ ბიუროს მხრიდან ეთქვათ უარი. ასეთი შინაარსის კომუნიკაცია ბიუროს ექსპერტებსა და ოჯახის წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა“.

ექსპერტიზის ბიუროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებული განმარტების თანახმად, „ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს სპეციალური, შესაბამისი დანადგარები, რომელშიც ხდება გვამის განთავსება იმ დრომდე, ვიდრე ოჯახის წევრების მიერ არ მიიღება გადაწყვეტილება გარდაცვლილის გადასვენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა არაერთხელ განხორციელებულა ბიუროში. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა ბიურო მზად არის განათავსოს გარდაცვლილის ცხედარი სპეციალურ სივრცეში, ოჯახის მხრიდან გაადასვენების მზაობის გამოთქმამდე.

ბიურო არის საექსპერტო დაწესებულება და არც ამ და არც სხვა შემთხვევაში, საექსპერტო დაწესებულებას არ გამოუყენებია ყინული ან, სხვა რაიმე სახის ე.წ. სარიტუალო აღჭურვილობა.

ბიურო მზად არის, იმოქმედოს ოჯახის მოთხოვნის შესაბამისად და მათ მიერ დასახელებულ ნებისმიერ დროს მოხდეს გვამის გადასვენება“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ამ დრომდე მიმდინარეობდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად დასრულებულია. ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა და ესწრებოდა ოჯახის მიერ წარდგენილი პირი. ამ მომენტისთვის ბიურო მზად არის ოჯახს გადასცეს გარდაცვლილის ცხედარი“.

ექსპერტიზის ბიურო გამოთქვამს მწუხარებას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

„მთავარი არხის“ ეთერში თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ბიძაშვილს უთხრეს, რომ ყინულის არქონის გამო ცხედარს დღეს სახლში ვერ გადაასვენებენ. გარდაცვლილის მამის თქმით, ოჯახმა უკვე იშოვა ყინული და დილით შეძლებენ მის გადასვენებას.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა.

სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი 22 ივლისს გარდაცვლილი თეთრიწყაროში, ტყესთან, ავტომანქანაში ნახეს. ადვოკატის თანახმად, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG