Accessibility links

რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე „სანქციები“ დაუწესა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს


ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერმა, რამზან კადიროვმა, განაცხადა, რომ „რესპუბლიკის ტერიტორიაზე“ სანქციებს უწესებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, რომლის განკარგულებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 ივლისს დამატებითი სანქციები დაუწესა კადიროვსა და მის ოჯახს.

„ვაცხადებ მის (პომპეოს) მიმართ ყველა სანქციის ამოქმედებას ჩვენი რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მისი ანგარიშების გაყინვის ჩათვლით“, - განაცხადა რამზან კადიროვმა ხუთშაბათს გამართული რეგიონული მთავრობის სხდომაზე.

ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის გამო, აშშ-მა დამატებითი სანქციები დაუწესა ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერ, რამზან კადიროვს.

სახელმწიფო დეპარტამენტის 20 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ამ რეგიონის ლიდერია პასუხისმგებელი იმ განუკითხაობის, წამებისა და მკვლელობებისათვის, რასაც 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აქვს ადგილი ჩეჩნეთში.

ვაშინგტონს უკვე აქვს დაწესებული რამდენიმე სახის სანქცია რამზან კადიროვისა და მისი ხელქვეითების წინააღმდეგ.

ამჟამინდელი სანქციები, მათ შორის, სავიზო შეზღუდვები, გავრცელდება კადიროვის ცოლსა და მის ორ ქალიშვილზე.

23 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა რამზან კადიროვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG