Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე რუსთავის მაჟორიტარობას გეგმავს


ალექსანდრე კობაიძე
ალექსანდრე კობაიძე

ალექსანდრე კობაიძე, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე დაკავებული მორაგბეების ადვოკატია, რუსთავში მაჟორიტარად კენჭს იყრის. გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ ადვოკატმა საზოგადოებას ფეისბუკის მეშვეობით ამცნო 25 ივლისს.

"მოკლედ ვიტყვი: ვაპირებ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ჩემი თავის წარდგენას. ვიცი ბევრს არ გაგიხარდებათ, მაგრამ ვისაც გაუხარდება, ჩემი მაჟორიტარობა იქნება გარანტი, რომ რუსთაველების პრობლემების მოსაგვარებლად შევძრავ მთელ პარლამენტს, სანამ კონკრეტული პრობლემების გადაჭრა არ მოხდება. ჩემი მეშვეობით პარლამენტში იქნება ტრიბუნა, რითაც ყველა რუსთაველს შეეძლება ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის ნებისმიერი პრობლემის/იდეის გაჟღერება", - დაწერა კობაიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა მას იმის დასაზუსტებლად, რომელი პარტიის სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი. ადვოკატი ამბობს, რომ "პარტია ჯერ არ არის დაზუსტებით გარკვეული, თუმცა, პარტია არის საშუალება პოლიტიკაში ყოფნის". რაც შეეხება პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებას, ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ რუსთავი სტრატეგიულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, რომელსაც ყურადღებას არავინ აქცევს და ყველა ხელისუფალი ხალხზე ფიქრის ნაცვლად რუსთავს, როგორც "ფულის საჭრელ მანქანას", ისე აღიქვამს.

"არსებობს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე, რაც ამ დრომდე არ მოგვარებულა. ასევე, სოციალური პრობლემები ძალიან ბევრია, რაც შეიძლება, რომ გადაიჭრას საკანონმდებლო ინიციატივებით", - უთხრა რადიო თავისუფლებას ალექსანდრე კობაიძემ.

პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შემთხვევაში მას საადვოკატო საქმიანობაზე უარის თქმა მოუწევს. ალექსანდრე კობაიძე არაერთ გახმაურებულ საქმეში იყო ჩართული სხვადასხვა დროს. შაქარაშვილის საქმის გარდა, ის იყო სმითების საქმეში მსჯავრდებულის ადვოკატი, ასევე არის კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ადვოკატი. ასევე იცავს ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის, დავით აქიაშვილის ინტერესებს, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისთვის დააკავეს.

რუსთავში უკვე ცნობილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან. "ქართულმა ოცნებამ" რუსთავში ნინო ლაცაბიძე წარადგინა, რომელიც თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია. "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ, მისი წარდგენისას აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ჰყავს 4 შვილი. ნინო ლაცაბიძე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი 30 დეპუტატიდან ერთადერთი ქალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG