Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბაროვსკში განახლდა აქციები. დემონსტრანტებს შეუერთდა ცნობილი მუსიკოსი, სერგეი შნუროვი


სერგეი შნუროვი ხაბაროვსკში
სერგეი შნუროვი ხაბაროვსკში

ხაბაროვსკში, სადაც კვირას ყველაზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა, 27 ივლისს კვლავ განახლდა ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის, მხარდამჭერი საპროტესტო აქცია, რომელსაც შეუერთდა როკჯგუფ „ლენინგრადის“ დამფუძნებელი და ტელეკომპანია RTVi-ის პროდიუსერი, სერგეი შნუროვი.

მუსიკოსმა ადგილობრივი მთავრობის ადმინისტრაციის წინ შეკრებილ დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხაბაროვსკში ჩავიდა, რათა გადაიღოს ფილმი ქალაქში მიმდინარე მოვლენებზე - ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე სტიქიურ აქციებზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შნუროვი ხაბაროვსკში ჩადიოდა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმირ პუტინის მიერ დანიშნული მიხაილ დეგტიარიოვის მიწვევით, რაც შნუროვმა უარყო.

შნუროვმა 27 ივლისს დემონსტრანტებთან ერთად ფეხით გაიარა მცირე მარშრუტი პუშკინის ქუჩიდან ლენინის მოედნამდე, სადაც ორი კვირის განმავლობაში იკრიბებიან კრემლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ხაბაროვსკის მცხოვრებლები.

იუწყებიან, რომ მარშის შემდეგ საოლქო ხელისუფლების ადმინისტრაციის წინ შეგროვდა დაახლოებით 2 ათასი ადამიანი. გარდა ტრადიციული ლოზუნგებისა: „დეგტიარიოვ, წადი!“, „მე სერგი ფურგალი ვარ“ და „სირცხვილიФСБ!", დემონსტრანტები მოითხოვდნენ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომას.

20 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა მიხაილ დეგტიარიოვი.

იგი არის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო დუმის დეპუტატი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული (ЛДПР) პარტიიდან, რომლის წევრიცაა აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი. 9 ივლისს დაპატიმრებული ფურგალი, პუტინმა 20 ივლისს ოფიციალურად გაათავისუფლა თანამდებობიდან „პრეზიდენტის ნდობის დაკარგვის“ გამო.

50 წლის სერგეი ფურგალს პროკურატურა ადანაშაულებს მკვლელობის მცდელობასა და 2004-2005 წლებში ორი მკვლელობის შეკვეთაში.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა და ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

თვითონ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი მომხრეები, რომლებიც დაპატიმრების შემდეგ მართავენ დემონსტრაციებს, ეჭვქვეშ აყენებენ ბრალდებას და შეკითხვას სვამენ, რატომ გამოვლინდა ეს საქმე 15 წლის შემდეგ.

XS
SM
MD
LG