Accessibility links

site logo site logo

გამოუძიებელი საქმეები და მზარდი დანაშაული - უფრო და უფრო ცუდი სტატისტიკა


2020 წლის პირველ 5 თვეში 23 114 დანაშაული მოხდა, რომელთაგან მხოლოდ 6 852 საქმეა გახსნილი, რაც საერთო რაოდენობის 29,64 %-ს შეადგენს.

2017 წელს, დროის ამავე მონაკვეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეგისტრირებული იყო 15 748 დანაშაული, გახსნის მაჩვენებელი კი 52,17 %-ს შეადგენდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, თუ ერთსა და იმავე დროის მონაკვეთს შევადარებთ ერთმანეთს, მხოლოდ გასულ 3 წელიწადში თითქმის 8 000-ით არის გაზრდილი დანაშაულთა ჩადენის მაჩვენებeლი და 20 %-ითაა გაუარესებული გახსნის სტატისტიკა.

რამდენიმე წლის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ შექმნიდა კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველ ელექტრონულ რუკას, რომელიც 6 წლის შემდეგაც არ არსებობს და მონაცემები გახსნილ თუ გაუხსნელ საქმეებზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკაში იძებნება.

გასული წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრების არაერთი განცხადება იძებნება, სადაც ისინი კრიმინალთან დაუნდობელ ბრძოლაზე აკეთებენ აქცენტს.

დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ

რეგისტრირებულ საქმეებში არის კონკრეტული მიმართულებები, სადაც საქმეების გამოძიებისა და გახსნის მაჩვენებელი ნულოვანია. ასეთია, მაგალითად, დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, სადაც 2017-2020 წლებში ჩადენილი 43 საქმიდან მხოლოდ ერთია გამოძიებული 2019 წლის მეორე ნახევარში. ეს ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, ყინწვისის ტაძარში იატაკზე “მეტლახის” დაგების და სხვა მსგავსი შემთხვევების გამოძიების შედეგად დამნაშვე არ დადგენილა.

კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა სტატისტიკა ასეთია:

  • 2017 - მომხდარი 7 ფაქტიდან გახსნილია 0
  • 2018 - მომხდარი 15 ფაქტიდან გახსნილია 0
  • 2019 - მომხდარი 15 ფაქტიდან გახსნილია 1
  • 2020 (იანვარი-მაისი) - მომხდარი 6 ფაქტიდან გახნილია 0

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება

ნულოვანია სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარე საქმეების გამოძიების მაჩვენებელი. მინიმალური შედეგით სრულდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევები. 150-ზე მეტ აღრიცხულ შემთხვევაში 2020 წელს, როცა საქმე ეხებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სამსახურებრივ გულგრილობას, გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ აქვს. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა იყო პოეტ ზვიად რატიანის ცემის საქმე, რომელიც ერთ-ერთია ამგვარ გამოუძიებელ საქმეებს შორის.

სტატისტიკის თანახმად, სამოხელეო დანაშაულის გახსნის დაბალი მაჩვენებელი შემთხვევების ზრდას იწვევს.

2017 წელს სამოხელეო დანაშაულის, რაც მოიცავს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ გულგრილობას, სამსახურებრივ სიყალბეს, ქრთამის აღებას და მიცემას, 503 შემთხვევა ფიქსირდებოდა. მათგან გახსნილი მხოლოდ 69 იყო, რაც 13,27%-ს შეადგენდა. 2018 წელს ამგვარი დანაშაულების რიცხვი 645-მდე გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი შემცირებულია 7,91%-მდე. 2020 წლის პირველ 5 თვეში ეს მაჩვენებელი 4.46%-მდეა შემცირებული და 224 საქმიდან მხოლოდ 10 საქმეა გახსნილი.

თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეები

თითქმის ნულოვანია იმ საქმეების გახსნის მაჩვენელი, სადაც გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებს იძიებს. სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობა ამ ეტაპზე 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის, საქმის გამოძიება.

2020 წლის პირველ 5 თვეში ასეთი 976 შემთხვევიდან მხოლოდ ორია გახსნილი.

თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეების სტატიტიკა 2017-2020 წლებში:

  • 2017 - 665 შემთხვევიდან გახსნილია 7, გახსნის მაჩვენელი 1.05 %
  • 2018 - 1663 შემთხვევიდან გახსნილია 3, გახნის მაჩვენებელი 0.18 %
  • 2019 - 1838 შემთხვევიდან გახსნილია 8, გახსნის მაჩვენებელი 0.44 %
  • 2020 (იანვარი-მაისი) - 979 შემთხვევიდან გახსნილია 2, გახსნის მაჩვენებელი 0.2 %

სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა

ერთეულ შემთხვევებში მთავრდება კონკრეტული შედეგით სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის გამოძიება. მაგალითად, 2020 წლის პირველ ნახევარში ამ მუხლით აღძრული 95 საქმიდან გახსნილი მხოლოდ ერთია, რაც იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის გახნის მაჩვენებელი 1,05 %-ს შეადგენს. 2017 წელს ამ მუხლით წარმოებული 163 საქმიდან 24 შემთხვევაში დადგა შედეგი და გამოძიების მაჩვენელი 14,72 %-ს შეადგენდა.

სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის სტატისტიკა:

  • 2017 - 163 შემთხვევიდან გახსნილია 24, გახსნის მაჩვენელი 14,72 %
  • 2018 - 243 შემთხვევიდან გახსნილია 24, გახნის მაჩვენებელი 9.68 %
  • 2019 - 276 შემთხვევიდან გახსნილია 19, გახსნის მაჩვენებელი 6.88 %
  • 2020 (იანვარი მაისი) 95 შემთხვევიდან გახსნილია 1 , გახსნის მაჩვენებელი 1.05 %

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა წლებია სიცოცხლის ფასად უჯდებათ ძირითადად სამთომოპოვებით მრეწველობასა და მშენებლობაში დასაქმებულ პირებს. სისხლის სამართლის საქმეების გამოუძიებლობა ან სასამართლოში წასული საქმეების წარმოების შეწყვეტა აჩენს განცდას, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა მნიშვნელოვანი არ არის და თუკი მსხვერპლი იქნება, კომპანია ჯარიმების გადახდით აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული. ამავე დეპარტამენტის ინიციატივით გამოცემული სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში ვკითხულობთ:

“არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უბედური შემთხვევა სამუშაო ადგილზე და პროფესიული დაავადებები შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული. საჭიროა ეფექტური გამოძიება, რათა განისაზღვროს უშუალო, ძირითადი და არსებითი მიზეზები და რისკის შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომელთა გატარება იქნება შესაძლებელი მსგავსი ინციდენტების განმეორების თავიდან ასაცილებლად”.

კომპიუტერული დანაშაული

მზარდია, თუმცა გახსნის დაბალი პროცენტით ხასიათდება კომპიუტერული დანაშაული. 2020 წლის პირველ 6 თვეში ამ კვალიფიკაციით მიმდინარე 994 საქმიდან მხოლოდ 22 შემთხვევაა გახსნილი. ბოლო ერთ-ერთი გახმაურებული კომპიუტერული დანაშაული იყო ჰაკერული თავდასხმა ასობით ქართულ ვებსაიტზე, რომლის შედეგადაც სამთავრობო, არასამთავრობო და მედიის გვერდების მთავარ გვერდზე ჩანდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ფოტო წარწერით “მე დავბრუნდები ”.

კომპიუტერული დანაშაულის სტატისტიკა წლების

  • 2017 - 506- დან გახსნილია 129, გახსნის მაჩვენელი 25,3 %
  • 2018 -1268 -დან გახსნილია 98, გახნის მაჩვენებელი 7.73 %
  • 2019 - 1806-დან გახსნილია 98, გახსნის მაჩვენებელი 5.43 %
  • 2020 (იანვარი მაისი) 994 შემთხვევიდან გახსნილია 22 , გახნის მაჩვენებელი 2,21 %

სატრანსპორტო დანაშაული

თვალშისაცემად დაბალია სატრანსპორტო დანაშაულებათა გამოძიებისას გახსნილი საქმეების რიცხვიც. 2020 წელს 1316 სატრანსპორტო დანაშაულიდან 81 შემთხვევა დაზარალებულის გარდაცვალებით დასრულდა. იმგვარი საქმეებიდან, სადაც გარდაცვლილი მსხვერპლი არსებობს, გახსნილია 15 შემთხვევა.

2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების თემაზე მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანია აწარმოვა, რომელიც, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სხვადასხვა ადგილას დაზიანებული ავტომობილების განთავსების კამპანიას დადებითი შედეგი არც გამოძიების მაჩვენებელზე მოუხდენია და არც ავტოსაგზაო შედეგების რიცხვზე.

მხოლოდ 2019 წელს 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 481 და დაშავდა 7 921 ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობა 2019 წელს 5 %-ით გაიზარდა, საგზაო შემთხვევების კი -9,5 %-ით.

შემცირებულია 2017 წლიდან 2020 წლამდე სატრანსპორტო დანაშაულების გახსნის მაჩვენებელიც და თუკი 2017 წელს ეს იყო მომხდარი შემთხვევების 29, 66 %, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 6,23 %-ზეა ჩამოსული.

მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ნარკოდანაშაულები

ყველაზე წარმატებით შსს, არსებული სტატისტიკით და 2020 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, იძიებს მკვლელობის მცდელობას (გახსნის მაჩვენებელი 97,3 %), ნარკოდანაშაულებს (გახსნის მაჩვენებელი 76,68 %) და ყაჩაღობას (გახსნის მაჩვენებელი 66- 67 %);

რადიო თავისუფლება, რამდენიმე დღეა, ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღოს პასუხი კითხვაზე, თუ რამ შეაფერხა კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ელექტრონული რუკის შექმნის პროცესი და რით აიხსნება რიგ მიმართულებებში გაუარესებული კრიმინოგენური სტატისტიკა, თუმცა ამ დრომდე - უშედეგოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG