Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან 5-ის წყარო გაჩიანის დასახლებაა


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევიდან 5 შემთხვევის წყარო გაჩიანია, 4 შემოტანილი, ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა, რომელთაგან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 შემთხვევა კი ჯერჯერობით დაუდგენელია და მიმდინარეობს მისი წყაროს დადგენა და კონტაქტების მოძიება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის კოვიდ ცენტრებში სულ 248 დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, იქ 41 კოვიდინფიცირებული პაციენტია განთავსებული. მარინა ეზუგბაიას თანახმად, მათი მდგომარეობა ძირითადად საშუალო ან საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1155-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 2 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 929.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 16 ადამიანი.

29 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6489 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 337.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. მათგან 38 ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედროა.

XS
SM
MD
LG