Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე მერიის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ რას ვაკეთებთ


თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლო პერიოდში განხილვის საგნად იქცა და ამ მხრივ კრიტიკა ისმის. განახლებულ ჭავჭავაძის გამზირსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"არიან ისეთები, ვისაც ვერ გაუგიათ რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით საზოგადოების ჩართულობას, ინტერესს. ჩვენ არასდროს გავურბივართ კითხვებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შეკითხვას, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გავცეთ ამომწურავი პასუხები", - ამბობს კალაძე.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, საკუთარი მანქანების ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება არჩიონ. მერმა აღნიშნა, არასწორია იმის თქმა, რომ მერია კერძო ტრანსპორტის გადაადგილებას კრძალავს.

"ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმოდა - ყვითელი ავტობუსებით ვიაროთო? არა, ყვითელი ავტობუსებით არ იაროთ. ივლით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით", - თქვა კალაძემ.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა ბოლო რამდენიმე წელია, მუდმივად არსებობს. რიგ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ტრანსპორტი შეიცვალა, სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, ავტობუსების მოსვლას შორის ინტერვალი ნახევარი საათი ან უფრო მეტი დროა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG