Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში დარჩენილები არიან გოგონათა ფეხბურთის გუნდის საკითხზე ჩასული ფედერაციის წევრები


ხანგრძლივი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ შოვში პრობლემები შეუქმნა გოგონათა ფეხბურთის გუნდის დასარეგისტრირებლად ჩასულ ფედერაციის წევრებს. ისინი სტიქიის ზონაში აღმოჩნდნენ. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბექა ოშხერელის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში მასთან ერთად კიდევ 9 ადამიანი იმყოფება.

„ტრაქტორისტმა შალვა ბელაშვილმა ხებისგან ჩახერგილი მდინარე გაათავისუფლა და ისევ მდინარის კალაპოტში გადაიყვანა. მან სიცოცხლე გადაგვირჩინა, თორემ შანსი არ იყო გადარჩენის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბექა ოშხერელმა.

ფედერაციის წარმომადგენლების ნაწილი ვერტმფრენით ონში გადაიყვანეს, ნაწილი კი კვლავ ელოდება ვერტმფრენს.

სტიქიის შედეგად ონიდან შოვის მიმართულებით საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთია დაზიანებული. გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობის გამოსაყვანად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაახლოებით 200-მდე ადამიანია ჩარჩენილი.

საქართველოს მთავრობის პირველადი ინფორმაციით, რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე - რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

XS
SM
MD
LG