Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენ არ გვაქვს სამომხმარებლო განათლება"


"ჩვენ არ გვაქვს სამომხმარებლო განათლება"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:48 0:00

საქართველოში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის კუთხით არის გარკვეული დინამიკა, თუმცა, არასაკმარისი იმისთვის, რომ მომხმარებელი იყოს დაცული ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი პროდუქციის ყიდვისა და მოხმარებისგან. ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზი აქვს.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორის, ვახტანგ კობალაძის თქმით, „სურსათის სფეროში რეფორმები აქტიურად 2012 წლის შემდეგ დაიწყო და ამის შემდეგ ყოველწლიურად ხდება კონტროლის გაფართოება, ახალი ნორმატიული ნორმები შედის ძალაში, იხვეწება კონტროლის სისტემა“. „დილის საუბრების“ სტუმარი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, რომ საქართველოს სურსათის სისტემა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს:

„პროგრესი დიდია, თუმცა ბევრი სიღრმისეული პრობლემაა ჯერჯერობით. პროდუქციის უვნებლობის/უსაფრთხოების ნებისმიერი კონტროლი ეფუძნება რისკის შეფასებას. შეუძლებელია ყველაფრის გაკონტროლება. ამიტომ უნდა შეფასდეს რისკები და მის საფუძველზე წარიმართოს კონტროლი. ეს რისკის შეფასება ჩვენთან სამწუხაროდ ვერ ჩამოყალიბდა. ამის გარეშე სრულფასოვან კონტროლზე ლაპარაკი ზედმეტია. მნიშვნელოვანი პრობლემაა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. ლაპარაკია კადრებზე, ვინც უნდა გააკონტროლოს, იზრუნოს ცხოველთა ჯანმრთელობაზე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სამსახურებში.

საკმაოდ დაბალ დონეზეა მოქალაქეთა ინფორმირებულობა. ჩვენ არ გვაქვს სამომხმარებლო განათლება, არ არის დანერგილი ჩვენს სისტემაში. ბევრი ჭორი ვრცელდება და რეალურ პრობლემებს საზოგადოება ნაკლებად ხედავს, იმასაც ვერ აკეთებს, რისი გაკეთებაც თავად შეუძლია. სურსათის უვნებლობა, მომხმარებლის უფლებები ჩრდილშია მოქცეული სხვა საკითხებთან შედარებით“.

ვახტანგ კობალაძის თქმით, ერთი საკითხია ეტიკეტირების ვალდებულება და მეორე მასზე დატანილი ინფორმაციის უტყუარობა:

“2019 წელს, ბოლოს და ბოლოს, შევიდა ძალაში ეტიკეტირების - მომხმარებლის ინფორმირების შესახებ დადგენილება, რომელიც შესაბამისი ევროპული რეგულაციის მიხედვით გაკეთდა და ეტიკეტზე ინფორმაციის მიწოდების ძალიან დეტალურ მოთხოვნებს ითვალისწინებს და აგრეთვე იმას, რომ ეს ინფორმაცია უნდა იყოს უტყუარი. რა თქმა უნდა, დაუფასოებელ ნაწარმზე ეტიკეტს ვერ მივაკრავთ, თუმცა, მომხმარებლისთვის სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზეც პასუხისმგებელია მეწარმე“.

CSRDG-ს პროგრამის კოორდინატორი თვლის, რომ მომხმარებლის აქტიურობას მნიშვნელოვანი ეფექტის მოტანა შეუძლია, მაგრამ ამისთვის საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს სამომხმარებლო განათლებაზე:

„რეალურად მომხმარებელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. რამდენადაც მომთხოვნი იქნება მომხმარებელი მეწარმეების მიმართ, რამდენადაც მომთხოვნი იქნება მოქალაქე სახელმწიფოს მიმართ, იმდენად იქნება ეს საკითხები მოწესრიგებული.

…ჩვენ, საბედნიეროდ, გვაქვს იმის საშუალება, რომ ევროპულ მოდელს მივუახლოვდეთ, იქაური გამოცდილება გამოვიყენოთ და ბევრი რამ პირდაპირ გადმოვიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს სათანადო რისკის შეფასება, სხვა ქვეყნების გამოცდილებით და კვლევებით რა ნივთიერებების მავნებლობაც დგინდება, ჩვენთანაც იკრძალება მათი გამოყენება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG