Accessibility links

სერბეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს სადავო გამოძიებას ათობით არასამთავრობო ორგანიზაციისა და ჟურნალისტის მიმართ


ალექსანდარ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა მხარადაჭერა გამოუცხადა ქვეყნაში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმესთან ათობით არასამთავრობო ორგანიზაციისა და ჟურნალისტის სავარაუდო კავშირებს იკვლევს.

სერბეთის ფინანსთა სამინისტრომ 37 არასამთავრობო ორგანიზაციას და 22 ფიზიკურ პირს მოსთხოვა, წარმოადგინონ სრული საბანკო ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე.

ტელეკომპანია Newsmax Adria Serbia-ს 28 ივლისის სიუჟეტის თანახმად, გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა ის ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებიც ადამიანის უფლებებს, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებასა და კორუფციიის პრობლემას იკვლევენ.

ფინანსთა სამინისტროს ბრძანებაში ლაპარაკია აუცილებლობაზე, „დადგინდეს, აქვთ თუ არა აღნიშნულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს რაიმე კავშირი ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საქმესთან.“

30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე სერბეთის პრეზიდენტმა უარყო, თითქოს გამოძიება მიმართული იყოს კრიტიკოსების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ საქმე ეხება რეგულარულ პროცედურას, ხოლო „კანონის წინაშე ყველას თანასწორი უნდა იყოს“.

ქვეყანას სჭირდება მძლავრი სამოქალაქო საზოგადოება, აღნიშნა ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელმაც დასძინა, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის გამოძიება მიმდინარეობს, „ყვირილს ტეხენ, თითქოს საფრთხე ემუქრებოდეღ, რათა დონორებისგან ამით უფრო მეტი ფული მიიღონ.“

სერბეთი ოფიციალურად ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ავრორიტარული სტილის ვუჩიჩის პრეზიდენტობის დროს ქვეყანა უფრო მჭიდროდ დაუკავშირდა რუსეთსა და ჩინეთს.

იუწყებიან, რომ სერბეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილ სიაში შედიან ჟურნალისტური გამოძიების ბალკანური ქსელი (BIRN), ჟურნალისტთა ორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, ასევე ადამიანის უფლებათა ჰელსინკის კომიტეტი და სამოქალაქო ინიციატივები.

ბელგრადში აშშ-ის საელჩომ გამოთქვა შეშფოთება, რომ დაწყებულ გამოძიებას „შერჩევითი სამართლის“ სახე აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG