Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ ხვიჩა მღებრიშვილის და ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ჭალა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ჭალა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლები მეჯვრისხევში, ხვიჩა მღებრიშვილის, ხოლო ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახების წევრებს შეხვდნენ. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მათ ერგნეთში გამართული შეხვედრის შესახებ უამბო. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო.

„ამ შეხვედრიდან მოლოდინი უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე შედეგი დადგა. სავარაუდოდ, ზაზას გათავისუფლების პროცესი კიდევ გაჭიანურდება, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები გვაიმედებენ, რომ მომავალ შეხვედრაზეც განიხილავენ ამ საკითხს“, - ამბობს ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური. ის საერთაშორისო საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრის ხვიჩა მღებრიშვილის ძმა, ნუგზარ მღებრიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და ლოდინი კიდევ მოუწევთ.

11-თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეების წარმომადგენლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს. მთავარი საკითხი საქართველოს დაკავებული მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლება იყო.

ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრეს და დააკავეს.

ხვიჩა მღებრიშვილს კი „საზღვრის“ დარღვევის გარდა ადანაშაულებენ წითელ წიგნში შეტანილი სახეობების კონტრაბანდაში. დე ფაქტო ხელისუფლების მტკიცებით, მღებრიშვილი „ლუგარის ლაბორატორიისთვის“ ღამურების ჭუპრების შეგროვებას აპირებდა.

XS
SM
MD
LG