Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ხმალაძე: "ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ მალე ყველაფერი ჩადგება ფორმაში"


თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა, შესაბამისად, ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისის სატრანსპორტო სისტემა რეფორმის ეტაპზეა.

„ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, რაც გარდამავალ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია. რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, ვაშენოთ ახალი გზები და ესტაკადები, რათა იმ მანქანების ნაკადს გაუძლოს. დღეს, რეფორმის პირველი დღეა. რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე, ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან, თუ ერთი წლის წინ დანიშნულების ადგილამდე ერთი კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს, განსხვავებული სისტემით მოუწევთ გადაადგილება. მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო - რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც - დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერი ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირი არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი, რომელზეც კერძო სატრანსპორტო საშუალებების გარდა, გადაადგილდებიან ქვეითებიც, ველოსიპედებიც და საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

„ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარი არის ის, რომ ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში“.

XS
SM
MD
LG