Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში რამდენიმე ადამიანი დააკავეს სერგეი ფურგალის მხარდამჭერ აქციებზე


1 აგვისტოს, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერ აქციებზე პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

მოსკოვში პოლიციამ ალყაში მოაქცია რამდენიმე ათეული აქტივისტი, რომლებიც ნოვოპუშკინის სკვერში შეიკრიბნენ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დაკავებულია დაახლოებით 20 კაცი, მათ შორის, შემთხვევითი ადამიანებიც არიან.

15 კაცი დააკავა პოლიციამ სანკტ-პეტერბურგში, სადაც ნევის გამზირზე შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანი მხარდაჭერას უცხადებდა ხაბაროვსკში 9 ივლისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

„პიტერო, გამოდი“! და „ხაბაროვსკო, ჩვენ შენთან ვართ“, - სკანდირებდნენ სანკტ-პეტერბურგში გამართული აქციის მონაწილეები.

პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა ასევე ვლადივასტოკში გამართულ, ფურგალის მხარდამჭერ აქციაზე.

საპროტესტო აქციები ხაბაროვსკში 9 ივლისიდან დაიწყო და ბოლოს სხვა ქალაქებსაც მოედო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, დააკავეს და საგამოძიებო მოქმედებებისთვი მოსკოვში ჩაიყვანეს.

16 ივლისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ფურგალი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი ფურგალი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად დროებით დანიშნა სახელმწიფო დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარიოვი, სერგეი ფურგალის თანაპარტიელი ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.

მოსახლეობის ნაწილი მიხაილ დეგტიარიოვს უნდობლობას უცხადებს და ეჭვქვეშ აყენებენ სერგეი ფურგალის მიმართ წაყენებული ბრალდების სამართლიანობას.

ფურგალი ბრალდებულია 2000-იან წლებში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების ორგანიზებასთან კავშირში.

იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG