Accessibility links

კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 1-ის წყარო დაუდგენელია


გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 შემთხვევა შემოტანილია, ერთის წყარო კი ჯერჯერობით დაუდგენელი, - ინფორმაცია ამის შესახებ მედიას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა:

„სამიდან 2 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან მათ შორის ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ხოლო 1 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების და წყაროების მოძიების მიმართებაში“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის კოვიდ ცენტრებში 241 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მარინა ეზუგბაიას თანახმად, მათ შორის არიან მძიმე, ჯანგბადდამოკიდებული პაციენტებიც. რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ცნობით, იქ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით 37 პაციენტია განთავსებული, მათი მდგომარეობა არის სტაბილური, საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1182-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 3 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 962.საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი.

4 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 7007 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 280.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG