Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემთხვევითი კანდიდატი, რომელიც ცდილობს ბელარუსში ჩამოაგდოს "ევროპის უკანასკნელი დიქტატორი"


სვეტლანა ციხანოვსკაია
სვეტლანა ციხანოვსკაია

ვიდეობლოგერი (ვლოგერი) სერჰეი ციხანოვსკი უნდა დაპირისპირებოდა ბელარუსის მრავალწლიან პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას, მაგრამ მისი დაპატიმრების შემდეგ მისი ცოლი, სვეტლანა, ჩაერთო საქმეში. მან უამრავი ადამიანი შეკრიბა მიტინგებზე და ბევრს გაუჩინა შეკითხვა, მართლა შეძლებდა თუ არა იგი გაემარჯვა ავტორიტარულ მმართველზე 9 აგვისტოს არჩევნებში.

სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელიც იმედოვნებს, რომ ჩამოაგდებს ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკას, კონტინენტის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულ ყველაზე მრავალწლიან ლიდერს ევროპაში, მიკროფონთან მივიდა, იქ შეკრებილ ხალხს შეხედა და მოიბოდიშა:

"ბოდიში... ცოტა არ იყოს, ვღელავ. აქ იმდენი ხალხია", ასე დაიწყო თავისი მიმართვა 37 წლის ციხანოვსკაიამ, დაახლოებით, 100 000-იანი მოსახლეობის მქონე ნავაპოლაცკში - ქალაქში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის 9.5-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარეობს.

ციხანოვსკაია კენჭს იყრის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ბელარუსში, თუმცა ამბობს, რომ არ სურს ეს პოსტი და პირობას დებს, რომ მალევე იტყვის მასზე უარს, თუკი როგორმე მოახერხა ამ არჩევნებში გამარჯვება.

იგი საარჩევნო შეჯიბრებაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისი ქმარი, სერჰეი ციხანოვსკი, ცნობილი ვლოგერი, დააპატიმრეს და შემდგომში აუკრძალეს ხელმოწერების შეგროვება იმისთვის, რომ კენჭისყრაში მიეღო მონაწილეობა.

იგი იყო ერთ-ერთი იმ კანდიდატებიდან, - ლუკაშენკას სამ სერიოზულ მეტოქესთან ერთად, - რომლებიც ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა კენჭისყრაზე არ დაუშვა.

65 წლის ლუკაშენკა, რომელიც 1994 წლიდან არის ხელისუფლების სათავეში, ექსპერტების აზრით, ძალზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას თავისი მეექვსე საპრეზიდენტო ვადის მოპოვების წინ.

ბელარუსს კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა და ამაში ბევრი ადანაშაულებს ლუკაშენკას, რომელმაც უარი თქვა შეზღუდვების შემოღებაზე და ვირუსს მხოლოდ "მასობრივ ფსიქოზად" მოიხსენიებდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ეკონომიკა წელს 4 პროცენტით შემცირდება, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო 25 წლის განმავლობაში.

მაშინ, როცა ლუკაშენკას პოპულარობა აშკარად იკლებს, მისი ოპონენტები წამოვიდნენ წინ და მის წინააღმდეგ განწყობილ ბევრ ადამიანს კრებენ. ბელარუსში არასანქცირებულ მიტინგებს, ჩვეულებრივ, პოლიცია შლის ხოლმე. მაისიდან მოყოლებული, ბელარუსში 1100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რადგან ლუკაშენკამ პირობა დადო, რომ იქ არანაირი "მაიდანი" არ იქნებოდა (გულისხმობდა უკრაინაში 2014 წლის პროტესტს, რომლის შედეგადაც მოსკოვის მიმართ მეგობრულად განწყობილი პრეზიდენტი ჩამოაგდეს).

ჩვენ დამოუკიდებლობა გვსურს: ჩვენ სხვა ქვეყნებში მეგობრების მოძებნა გვსურს და არა მტრების...
სვეტლანა ციხანოვსკაია

ლუკაშენკა დასავლეთს, პოლონეთს და თავის მრავალწლიან მოკავშირეს, რუსეთსაც კი, ადანაშაულებდა არეულობის წაქეზებაში. 33 რუსი დაქირავებული პირი გამოავლინეს, როგორც ლუკაშენკა ამტკიცებდა, შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო "არასტაბილურობის" მიღწევა არჩევნების წინ. ეს ბრალდებები კრემლმა უარყო.

თავისი ადრინდელი ყოყმანისა და ნერვული მომენტების მიუხედავად, თითქმის შემთხვევითმა კანდიდატმა, ციხანოვკაიამ, მოახერხა ხალხის მასების მოზიდვა მთელი ბელარუსის მასშტაბით. ამის მიზეზი უნდა იყოს ხალხის მზარდი იმედგაცრუება ლუკაშენკას მიერ კორონავირუსის პანდემიის მიმართ დამოკიდებულებისა და დაჭაობებული ეკონომიკის გამო, რომელიც მნიშვნელოვანწილად კვლავ არაეფექტიან, სახელმწიფოს მიერ მართულ ფირმებზეა დამოკიდებული.

ციხანოვსკაიას კამპანია დაიწყო ორი სხვა მაღალჩინოსანი ქალის დახმარებით, რაც პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ახალ ტალღად მიიჩნევა კონსერვატორულ ბელარუსში.

ვერანიკა ცაპკალა თავისი ქმრის კამპანიას ჩაუდგა სათავეში. მისი ქმარი, ვალერი, ვაშინგტონში ყოფილი ელჩი და მინსკის თანამედროვე ტექნოლოგიების პარკის დამაარსებელია, რომელიც მუქარების გამო, ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი კიევში გაიქცა. მეორე ქალი, რომელიც ციხანოვსკაიას გუნდს შეუერთდა, მარია კალესნიკოვაა, რომელიც რუსეთის მფლობელობაში მყოფი „ბელგაზპრომბანკის“ მმართველობის ყოფილი თავმჯდომარის, ვიქტარ ბაბარიკას, ჩიხში შესულ კამპანიას ჩაუდგა სათავეში.

ლუკაშენკამ სამივეს "საცოდავები" უწოდა და განაცხადა, რომ ბელარუსი არ არის მზად ქალი პრეზიდენტისთვის. ის გამოვიდა ასევე წინადადებით, კონსტიტუციაში შეეტანათ ცვლილება, რომლის თანახმად, მხოლოდ იმათ ექნებათ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება, ვისაც ჯარში უმსახურია - ეს კი პრაქტიკულად მხოლოდ კაცებს გულისხმობს ბელარუსში.

ვალერ კარბალევიჩი, მინსკში მომუშავე ბელარუსი პოლიტოლოგი, ფიქრობს, რომ ლუკაშენკამ იმიტომ დაუშვა ციხანოვსკაიას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, რომ იგი თავის მეტოქედ არ მიაჩნია."მას მიაჩნია, რომ თუ ბელარუსები დადგებიან არჩევანის წინაშე, აირჩიონ დიასახლისი თუ უფრო ბრძენი, გამოცდილი პოლიტიკოსი, მაშინ ისინიც კი, რომლებიც მის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი, ამ არჩევანის შემთხვევაში მაინც მას მისცემენ ხმას. ეს არის მისი ლოგიკა, ასე ფიქრობს ის“, - განუცხადა კარბალევიჩმა ივლისში Current Time-ს, რუსულენოვან ტელექსელს, რომელსაც რადიო თავისუფლება განაგებს ამერიკის ხმასთან თანამშრომლობით.

თუმცა მრავალრიცხოვანი მიტინგები მთელი ბელარუსის მასშტაბით იმაზე მეტყველებს, რომ ციხანოვსკაიას აქვს შანსი არჩევნებში, მით უმეტეს, თუ კენჭისყრა თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ლუკაშენკას მმართველობის პერიოდის არც ერთი არჩევნები არ მიუჩნევია დასავლეთს ასეთად.

ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაციის, "ვიასნას", თანახმად, 30 ივლისს, დაახლოებით, 63 000 ადამიანი გამოვიდა ციხანოვსკაიას მხარდამჭერ მიტინგზე მინსკში. ეს მიტინგი დედაქალაქში ათწლეულების ყველაზე დიდ ოპოზიციურ შეკრებად იქნა მიჩნეული.

რამდენიმე საათის შემდეგ ციხანოვსკაია და სხვა კანდიდატები ბელარუსის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე გამოიძახეს, კამპანიის დარჩენილ ნაწილში "შესაძლო პროვოკაციების" შესახებ გააფრთხილეს და უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ განუცხადეს.

ერთი დღით ადრე, 29 ივლისს, ბელარუსის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მინსკის გარეთ დააკავეს 33 ადამიანი, კრემლთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის", წარმომადგენლები. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ისინი "დესტაბილიზაციის" გასაღვივებლად მოვიდნენ არჩევნების წინ. ეს ბრალდება კრემლმა უარყო, როგორც აბსურდული.

ბელარუსმა ოფიციალურმა პირებმა ეს 33 კაცი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებს - მათ შორის ციხანოვსკის - დაუკავშირეს.

მინსკის მიტინგზე, თავისი კამპანიის სიმბოლოს ფონზე, რომელზეც გული, მუშტად შეკრული ხელი და გამარჯვების სიმბოლოა გამოსახული, ციხანოვსკაიამ თქვა: "ჩემი ქმარი, სერჰეი ციხანოვსკი, ბოროტმოქმედი არ არის".

"მე პოლიტიკაში ძალაუფლების საძებრად არ მოვსულვარ, სამართლიანობის საძებრად მოვედი", დასძინა მან და განაცხადა, რომ ლუკაშენკა ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას და თავისი შემდგომი რეპრესიების იმით გამართლებას, რომ თითქოს ოპოზიცია დაქირავებულ პირებთან არის კავშირში, მაგრამ ბელარუსები ამას არ დაიჯერებენ.

"არავინ დაიჯერებს, რომ ეს დაქირავებული მკვლელები აქ სპეციალურად არჩევნების გამო გამოაგზავნეს", უთხრა ციხანოვსკაიამ იქ შეკრებილ ხალხს.

ციხანოვსკაიას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ. ივლისში მათ თავიანთი ბავშვები ევროკავშირის დაუდგენელ ქვეყანაში გაამგზავრეს მათი უსაფრთხოებისათვის.

თავისი პოპულარობის კლებასა და ოპოზიციის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ლუკაშენკამ კბილებიც მეტად აილესა.

როცა დავწერე „ომს არ აქვს ქალის სახე“ იმაზე, თუ როგორ იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში მილიონობით ქალი, დავრწმუნდი, რომ ქალები საზოგადოების წინა ხაზზე არიან...
სვეტლანა ალექსიევიჩი

4 აგვისტოს გამოსვლაში თავის ოპონენტებს „უცხოელი აგენტები“ უწოდა, რომლებსაც კარგად უხდიან და რომელთაც ქვეყნის 90-იანი წლების „ქაოსში“ დაბრუნება სურთ.

სვეტლანა ციხანოვსკაიას ქალიშვილობის გვარი პილიპჩუკია. ის 1982 წლის 11 სექტემბერს დაიბადა მიხაშევიჩიში, მინსკიდან 200 კილომეტრში, და გაიზარდა ტიპური საბჭოთა ხუთსართულიანი სახლის ბინაში, სადაც მისი მშობლები ახლაც ცხოვრობენ.

„ისინი აქ ცხოვრობენ, ამ სადარბაზოში“, - ამბობს ქალი, რომელმაც გვარის გამხელა არ ისურვა, და რუხ შენობაზე მიგვითითებს. - „იურა და ვალიან პილიპჩუკები უბრალო ოჯახია. ქალი მზარეულია და კაცი - მძღოლი. მახსოვს სვეტლანას პატარაობა. რა უნდა გითხრათ? მე მშვიდობას მივცემ ხმას“, თქვა მან და აშკარა იყო, რომ ციხანოვსკაიას მისცემს ხმას.

ევა ივანაუნა, ყოფილი მასწავლებელი, ახლა პენსიონერი, სვეტლანას ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ ის სანიმუშო ადამიანი და მოწაფე იყო, რომ ქალაქში ყველა მას უჭერს მხარს:

„სვეტლანას ბავშვობა კარგად მახსოვს. კარგი გოგო იყო. არასოდეს პრობლემა არ მქონია მასთან. არ ეწეოდა და არ სვამდა. კარგად აღზრდილი იყო. მისი მშობლები კარგი ადამიანები არიან“.

ციხანოვსკაია მაზირის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ შეხვდა თავის ქმარს, სერჰეის. შემდეგ ისინი მინსკში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც სვეტლანა ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული, ხოლო სერჰეი კორუფციის წინააღმდეგ იბრძოდა თავისი საინტერნეტო არხით. „ქვეყანა ცხოვრებისათვის“ YouTube-ის არხია და მას 270 ათასი აბონენტი ჰყავს.

დაპატიმრებამდე ციხანოვსკი მთელ ბელარუსში კრებდა ბევრ ხალხს და მოუწოდებდა, ფეხსაცმლით გაესრისათ „ტარაკანი“ ლუკაშენკა. ეს ეპითეტი პრეზიდენტს ციხანოვსკიმ მოუგონა.

ბელარუსები სოციალურ ქსელებში პრეზიდენტს მასხრად იგდებდნენ და „საშა“ პოპულარული მიმი გახდა, რომელსაც დასცინოდნენ ვითომ იმისთვის, რომ პოპულარობა დაკარგა, საინტერნეტო არაოფიციალური გამოკითხვის თანახმად.

ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი, ნინინა სტუჟინსკაია, თვლის, რომ ბელარუსში ქალები კარგა ხანია მომწიფდნენ წამყვანი პოლიტიკური როლისთვის, თუმცა, ციხანოვსკაიას კანდიდატობა თითქმის შემთხვევითია.

მშვენიერია საზოგადოებრივ არენაზე ამ ქალების გამოჩენა. ეს გვამხნევებს და ოპტიმიზმს გვინერგავს...
ნინინა სტუჟინსკაია

რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს მან უთხრა, „მშვენიერია საზოგადოებრივ არენაზე ამ ქალების გამოჩენა. ეს გვამხნევებს და ოპტიმიზმს გვინერგავსო“.

ბელარუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი მხარს უჭერს ციხანოვსკაიას და თვლის, რომ ბელარუსი ქალები ისტორიის ძახილს ისმენდნენ, მაგრამ მერე ხშირად დავიწყებას ეძლეოდნენ:

„როცა დავწერე „ომს არ აქვს ქალის სახე“ იმაზე, თუ როგორ იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში მილიონობით ქალი, დავრწმუნდი, რომ ქალები საზოგადოების წინა ხაზზე არიან“, - უთხრა მწერალმა რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ „მათ მსხვერპლი გაიღეს გამარჯვების საკურთხეველზე და ომის შემდეგ ეს არ იყო სახელმწიფოსა და ხალხის მიერ დაფასებული და დავიწყებას მიეცა. ვისურვებდი, ასეთი რამ არ განმეორდეს“.

ციხანოვსკაია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ერთადერთი ქალი კანდიდატი არაა. კენჭისყრაში ჩაერთვება ასევე ჰანა კანაპაცკაია, რომელიც პარლამენტში ოპოზიციის წევრი იყო 2016-2019 წლებში. მიუხედავად მისი კეთილსინდისიერი წინააღმდეგობისა, ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ის კანდიდატი-სპოილერია, ანუ კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების შანსი არ აქვს, მაგრამ სხვა, მსგავსი პროგრამის მქონე კანდიდატის ხმებს იზიდავს, რათა მეტოქის შანსები შეამციროს.

ციხანოვსკაიამ ბოლო ხანს გაამძაფრა თავისი პოლიტიკური გზავნილები.

სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, 28 ივლისს, მან ლუკაშენკა დაადანაშაულა სიღარიბეში, ქვეყნის ეკონომიკის მართვის უუნარობაში. „ჩვენ ვამბობთ, რომ ახალი პრეზიდენტი გვსურს, მთავრობა გვიპასუხებს, რომ „მაიდანი“ იქნება“, - თქვა ციხანოვსკაიამ და მინიშნება გააკეთა უკრაინაში საპროტესტო გამოსვლებზე 2014 წელს, როცა ჩამოაგდეს მოსკოვის მომხრე პრეზიდენტი იანუკოვიჩი. - „ჩვენ ვამბობთ, რომ ბელარუსების უმეტესობას სურს თავისუფალ, მდიდარ ქვეყანაში ცხოვრება, და მთავრობა „მაიდნით“ გვემუქრება“.

ციხანოვსკაიას საგარეო პოლიტიკაზე ბევრი არ ულაპარაკია. მან ცხადად თქვა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, მაგრამ ღრმა ინტეგრაციას არ ემხრობა.

„ჩვენ დამოუკიდებლობა გვსურს: ჩვენ სხვა ქვეყნებში მეგობრების მოძებნა გვსურს და არა მტრებისა“, განუცხადა მან რუსეთის „ახალი ამბების“ გამოცემას.

ციხანოვსკაია ამბობს, რომ თუ მას აირჩევენ, ის გამოვა მოწოდებით, განთავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი. პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას მიზნად აქვს, დააბრუნოს 1994 წლის კონსტიტუცია, სანამ ლუკაშენკა მას შეცვლიდა, და განმეორებით ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები იმ კანდიდატების მონაწილეობით, რომლებიც ახლა კენჭისყრაზე არ დაუშვეს.

„მე არ ვარ პოლიტიკოსი, თქვა ციხანოვსკაიამ, ვაპირებ მხოლოდ ჩემი მისია შევასრულო და წყნარად განზე გავდგე, რათა ბელარუსი მართოს ახალმა, წესიერმა პრეზიდენტმა“.

ბევრი ბელარუსი, შესაძლებელია, ფიქრობს, რომ მათ უკვე მონახეს ახალი პრეზიდენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG