Accessibility links

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო უარყოფს, რომ თაღლითურად გაუკეთეს პაციენტს ოპერაცია


თბილისის ცენტრალური საავადმყოფო უარყოფს, რომ ექიმებმა პაციენტს თაღლითურად გაუკეთეს ოპერაცია. პროკურატურის ბრალდების საპასუხოდ საავადმყოფომ საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა და მედიას საკუთარი ვერსია შესთავაზა.

"უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად მცდარია პროკურატურის ბრალდება, თითქოს თაღლითური გზით, უსაფუძვლოდ განხორციელდა პაციენტის ოჯახის წევრების დარწმუნება, იტალიელი ექიმების მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

საავადმყოფოს ინფორმაციით, ისინი ბოლო რამდენიმე წელია თანამშრომლობენ იტალიაში, ქალაქ ბერგამოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორთან, რომლის მეთვალყურეობითაც ტარდება ოპერაციები. ასე ბოლო სამ წელში 98 პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა.

"ეს იყო ზუსტად ის, რისთვისაც პაციენტმა მიმართა საავადმყოფოსა და ასევე იტალიელ სპეციალისტებს", - აღნიშნულია საპასუხო წერილში.

კლინიკა განმარტავს, რომ პაციენტს, რომლის გამოც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, იტალიელი ექიმის მეთვალყურეობით წარმატებული ოპერაცია 2018 წელს ჩაუტარდა. საავადმყოფო ადასტურებს, რომ ამ პაციენტს პირველი ოპერაციის ჩატარებამდე არსებული დისკომფორტი კვლავ გაუჩნდა და ხელმეორე ოპერაცია დაიგეგმა.

"ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად, იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა,ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები", - აღნიშნავენ თბილისის ცენტრალურ კლინიკაში.

გუშინ, 4 აგვისტოს პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, საიდანაც გაირკვა, რომ დააკავეს თბილისის ცენტრალური კლინიკის დირექტორი და ექიმი. ერთ ექიმს კი ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მათ გამოძიება უკანონო საექიმო საქმიანობას ედავება.

"პაციენტი ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია, შპს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "ორთოპედია-ტრავმატოლოგია", ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა", - განაცხადეს პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პაციენტს ტკივილები განუახლდა, ის ისევ დაარწმუნეს, რომ განმეორებითი ოპერაცია იტალიელ ექიმებს უნდა ჩაეტარებიანათ, თუმცა ისევ ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს.

კლინიკის დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაუყენეს და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, მის თანამშრომლებს კი - ექვსიდან ცხრა წლამდე და სამ წლამდე.

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG