Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ლუკაშენკას სთხოვა მინსკის მახლობლად დაკავებული პირების კიევისთვის გადაცემა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მოსთხოვა, კიევს გადასცეს მინსკის მახლობლად დაკავებული რუსები, რომლებიც უკრაინაში ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ბელორუს კოლეგას 5 აგვისტოს უთხრა სატელეფონო საუბარში.

ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ მინსკი მზადაა კიევთან ითანამშრომლოს რუსეთსა და უკრაინასთან ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში.

ივლისის ბოლოს ბელარუსის სპეცსამსახურებმა ბელარუსში რუსეთიდან ჩასული 33 პირი დააკავეს. ზოგ მათგანს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მინსკი მიიჩნევს, რომ დაკავებულები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან.

ბელარუსში რუსეთის კონსულმა განაცხადა, რომ ბელარუსში დაკავებულები ტრანზიტით მიემგზავრებოდნენ ლათინური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში.

მაგრამ ვიდეოში, რომელიც გავრცელდა დაკავებისას, ჩანს, რომ დაკავებულებს სუდანის ვალუტა და სიმბარათები ჰქონდათ თან. სუდანი, როგორც მრავალი გამოძიებიდან დასტურდება, „ვაგნერის“ ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პუნქტია.

ბელარუსის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაკავებული რუსები შესაძლოა კავშირში იყვნენ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არეულობის მზადებასთან. არჩევნები 9 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკა ოპოზიციის მხრიდან კონკურენციას წააწყდა. მისი ნაწილი გაერთიანდა სვეტლანა ციხანოვსკაიას გარშემო.

ივლისში დაკავებულთა შორის არიან პირები, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, დონბასში იბრძოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. კიევმა განაცხადა, რომ შეეცდება მიაღწიოს დაკავებულთა უმრავლესობის ექსტრადიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG