ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი - 10 მილიონი ადამიანი - არის ინფიცირებული კორონავირუსით.
ჯანდაცვის მინისტრმა აჰმად ჯავად ოსმანიმ 5 აგვისტოს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სტატისტიკა ემყარება ანტისხეულების ტესტებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით ჩაუტარეს დაახლოებით 9500 ადამიანს მთელს ქვეყანაში.
კვლევის თანახმად, 32-მილიონიანი ქვეყნის 31,5% ინფიცირებულია კორონავირუსით. ინფიცირების სიხშირე ყველაზე მაღალია დედაქალაქ ქაბულში, სადაც, კვლევის თანახმად, ხუთმილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს ინფექცია.
ოფიციალურად, აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 36829 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 1294 გარდაიცვალა.
„ინფექციის მეორე ტალღა მთელ მსოფლიოში ყველგან არის დაწყებული და ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი,“ თქვა ოსმანიმ. „ამ სტატისტიკური გამოკვლევის შედეგებს გამოვიყენებთ შესაძლო მეორე ტალღისთვის უკეთ მოსამზადებლად.“
ოსმანის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კვლევა კორნავირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესახებ.