Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს საქმე: ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავაზე ძებნა გამოცხადდა


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით. ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეუფარდეს. პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ხოჭოლავაზე ძებნა გამოცხადდა.

გამოძიება ექიმებს უკანონო საექიმო საქმიანობას ედავება. ორი ექიმი 4 აგვისტოს დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, „ექიმმა პაციენტი ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია, შპს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "ორთოპედია-ტრავმატოლოგია", ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა".

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პაციენტს ტკივილები განუახლდა, ის ისევ დაარწმუნეს, რომ განმეორებითი ოპერაცია იტალიელ ექიმებს უნდა ჩაეტარებინათ, თუმცა ისევ ქართველმა ექიმებმა ჩაუტარეს.

კლინიკის დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, მის თანამშრომლებს კი - ექვსიდან ცხრა წლამდე და სამ წლამდე.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო უარყოფს, რომ ექიმებმა პაციენტს თაღლითურად გაუკეთეს ოპერაცია.

კლინიკა განმარტავს, რომ პაციენტს, რომლის გამოც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, იტალიელი ექიმის მეთვალყურეობით წარმატებული ოპერაცია 2018 წელს ჩაუტარდა. საავადმყოფო ადასტურებს, რომ ამ პაციენტს პირველი ოპერაციის ჩატარებამდე არსებული დისკომფორტი კვლავ გაუჩნდა და ხელმეორე ოპერაცია დაიგეგმა.

„ოპერაციის დაწყებისას, ანესთეზიოლოგის მიერ პაციენტის ანესთეზიის პროცესში მისი მდგომარეობა გაუარესდა და მიუხედავად იტალიელ-ქართველი ექიმების ჯგუფის მზაობისა, ქირურგიული ჩარევის მაგივრად საჭირო გახდა რეანიმაციული ქმედებების განხორციელება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად გაუგებარი და აუხსნელია, სად იკვეთება თაღლითური ქმედების ნიშნები“, - აღნიშნავენ თბილისის ცენტრალურ კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG