Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა


საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის" ეთერში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა COVID-ფონდში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ შეტანილ 100 მილიონ ლარზე მთავრობის წევრების მხრიდან ხშირ აქცენტირებას.

„ჩვენ ვართ ძალიან თავმდაბალი მთავრობა, ძალიან თავმდაბალი პოლიტიკური გუნდი. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ ისეთს, რომელიც არც ხმაურდება და არც თვითპიარით ვართ გატაცებულები“, - ამბობს ნათია თურნავა.

მინისტრის შეფასებით, ოპოზიციას შეკითხვები არ აქვს მთავრობის მიერ დაანონსებული ანტიკრიზისული მხარდაჭერის მესამე ეტაპის შინაარსთან.

„რაც შეეხება იმას, რომ COVID-ფონდი იხარჯება ახლა და შეგროვებული 130 მილიონიდან 100 მილიონი არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შენატანი, ეს არის ფაქტი. ძალიან ბევრი კითხვა იყო, როდის დახარჯავთ და რისთვის დახარჯავთ. ვხარჯავთ ახლა ბავშვებზე გასაცემი ერთჯერადი დახმარებისთვის. 100 მილიონი რომ ბიძინა ივანიშვილმა შეიტანა ფონდში, ეს ფაქტია და არაფერი დაშავდება, კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ საზოგადოებას. მე მოხარული ვარ, რომ შინაარსობრივად ვერავინ ვერ გვედავება ვერაფერს, ე.ი. სწორად ვიქცევით“, - თქვა თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა, ვისი ასაკიც 17 წლამდეა, ბიუჯეტიდან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს თანხა მათ სწავლის დაწყების პროცესში დასჭირდებათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" 2018 წლის ივლისის გამოკვლევის თანახმად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარაქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.

  • ჯამში, პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარაქტივობაში „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
  • პიარაქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე („ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, „ღვინის ეროვნული სააგენტო” და „აწარმოე საქართველოში”) მოდის; ხოლო ყველაზე მზარდი 2016 წელია, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
  • ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის, (61,250,000 ლარის), დაახლოებით, მეხუთედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG