Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გააცალკევეს 3 წლის ბავშვი დედისგან? - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განმარტება


მარტოხელა დედა, ულტრაკონსერვატორული ჯგუფების მხარდაჭერით, ცდილობს დაუბრუნოს 3 წლის შვილი, რომელიც სოციალურმა მუშაკმა რამდენიმე თვის წინ განაცალკევა. სოცმუშაკი აცხადებს, რომ ბავშვს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში უწევდა ცხოვრება. დედა საპირისპიროს ამტკიცებს.

დედა ტვ “პირველს” ეუბნება, რომ შვილს არაფერს აკლებდა: “ბავშვი რასაც ითხოვდა, მე ყოველთვის მქონდა იმის საშუალება, რომ ჩემი შვილისთვის, კანფეტი იყო თუ საჭმელი, ყოველთვის მეყიდა”.

სხვა ვერსიაზე საუბრობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელმაც ბავშვის მინდობით აღზრდაში ჩართვა გადაწყვიტა.

დირექტორის მოადგილე ლაშა ჯინჯიხაძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ დედა-შვილი ცხოვრობდა სარდაფში, რის გამოც ბავშვი მოკლებული იყო მზის შუქსა და განიავებას; მოუწესრიგებელი იყო სველი წერტილი და ჰიგიენური გარემო; ბავშვის საწოლთან კი ჯართი ინახებოდა..

ჯინჯიხაძის თქმით, სააგენტომ ინფორმაცია იანვარში, ცხელი ხაზით მიიღო, იანვარში, რის შემდეგაც სოციალური მუშაკი სიტუაციას ადგილზე გაეცნო.

“მიეცა რეკომენდაციები მშობელს და ეთხოვა, რომ ეს პირობები გამოესწორებინა, იმისათვის, რომ ბავშვს არ შეჰქმნოდა სიცოცხლის საფრთხე და ჰქონოდა ნორმალური განვითარების გარემო”, - ამბობს ჯინჯიხაძე.

მისი თქმით, სოციალურმა მუშაკმა მარტოხელა დედას, სხვა სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, თავშესაფარიც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ასევე, თუ თავდაპირველად დედას ჰქონდა კომუნიკაცია სოცმუშაკთან, ფსიქოლოგთან, რაღაც ეტაპზე ესეც შეწყვიტა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ შემდგომი მონიტორინგის პერიოდში ბავშვს იმავე გარემოში უწევდა ყოფნა, რის გამოც, აპრილში მისი დროებით წაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

“სახელმწიფოს ინტერესია, რომ ყველა ბავშვი ოჯახში იზრდებოდეს. თუმცა როცა ბავშვის განვითარებას შეიძლება საფრთხე შეექმნას... ” - ამბობს ლაშა ჯინჯიხაძე.

ჯინჯიხაძის თქმით, ახლა ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაშია, რომლის ერთ-ერთი ფორმა მინდობით აღზრდაა. ამ პერიოდში, დედას, შეუძლია დარეგისტრირდეს მნახველად და შვილი მოინახულოს პერიოდულად. მას შემდეგ, რაც მშობელი მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, შესაძლებელი გახდება მისი ეტაპობრივად დაბრუნდება ოჯახში.

“უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვს საფრთხე არ დაემუქრება”, - ამბობს ლაშა ჯინჯიხაძე.

მარტოხელა დედას მხარს უჭერენ ულტრაკონსერვატორული ჯგუფები, მათ შორის, ანტი ლგბტ აქტივისტი გურამ ფალავანდიშვილი.

“ფეისბუკზე” გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს, ალექსანდრე ვაშაყმაძე ცდილობს მაყურებლები დაარწმუნოს, რომ სახელმწიფომ დედას შვილი ახლად მიღებული “ლგბტ, ბავშვთა უფლებათა კოდექსით წაართვა”.

“აქ მძვინვარებს ლგბტ ლობი. ტრილიონების მქონე ლგბტ ლობი, რომელსაც სძულს ოჯახები. ყველაფერი მათი მოგონილია - ძალადობა ქალებზე… მათი მიზანია ოჯახების დანგრევა”, - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი კიდევ ერთ ვიდეოში.

კანონი, რომელიც, სავარაუდოდ, მხედველობაში აქვს გურამ ფალავანდიშვილს, ბავშვთა კოდექსია, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო, ძალაში კი სექტემბრიდან შედის. დოკუმენტი ბავშვთა უფლებებს მრავალი მიმართულებით იცავს. მისი მიღება ასეა დასაბუთებული:

„კოდექსით განსაზღვრული ბავშვის უფლებების, მისი დაცვის და მხარდაჭერის ეროვნული სისტემის ფუნქციონირებამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის განვითარებას მისი ინდივიდუალობის, საზოგადოებრივი ინტერესების და ღირებულებების გათვალისწინებით, აგრეთვე, მის ორიენტირებას შრომაზე, როგორც მატერიალური კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთ მორალურად გამართლებულ საშუალებაზე, ორიენტირებას ოჯახზე, როგორც ფუნდამენტურ ღირებულებაზე საზოგადოების სოციალურ ორგანიზაციაში და საზოგადოებისა და ინდივიდის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებაზე, ორიენტირებას ცხოვრების ჯანსაღ წესსზე, როგორც საზოგადოების განვითარების უცილობო წინაპირობაზე და ორიენტირებას მოხალისეობაზე, როგორც სამოქალაქო აქტივობის და სოლიდარული საზოგადოების განვითარების აუცილებელ ელემენტზე“.

  • 16x9 Image

    თორნიკე მანდარია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2019 წლიდან. აშუქებს ადამიანის უფლებების, მედიაგარემოს, პოლიტიკის საკითხებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

XS
SM
MD
LG