Accessibility links

7 ცვლილება ბავშვებისთვის


20 სექტემბერს პარლამენტმა "ბავშვთა უფლებათა კოდექსი" მიიღო- დოკუმენტი, რომელიც ბავშვების უფლებებს დაიცავს ყველა მიმართულებით.

კოდექსი ბევრ ცვლილებას გულისხმობს, მისი თითქმის ყველა პუნქტი სრულად ამოქმედდება 2020 წლის 1 ივნისს. იქამდე კი სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ კანონთან შესაბამისი რეგულაციები და სტანდარტები იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს ბავშვთა კოდექსში გაწერილი ვალდებულებების აღსრულება.

გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა რადიო თავისუფლებასთან კანონში შესულ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ თავად კოდექსია ყველაზე დიდი ცვლილება, რადგან ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი ბავშვთა უფლებებისთვის, რომელსაც რიგ შემთხვევებში უფრო მაღალი სტანდარტი აქვს, ვიდრე შეიძლება დღეს არსებულ კანონში იყოს.

„მინდა გამოვყო მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც კოდექსს შემოაქვს, ეს არის ბავშვზე ზეგავლენის შეფასების მექანიზმი. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონი, ან სხვა აქტი, რომელიც საქართველოში მიიღება, უნდა შეფასდეს იმ კუთხით თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ცვლილებამ ბავშვზე და ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე“.- ამბობს თეონა კუჭავა

რადიო თავისუფლება რამდენიმე პუნქტს გაგაცნობთ, რომელიც "ბავშთა კოდექსში" მათი უფლებების დაცვის გაუმჯობესაბას ემსახურება.

რას ამბობს "ბავშვის უფლებათა კოდექსი" ?

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დანაშაულის შედეგად დაზარალებული, სხვადასხვა ფორმის ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვას და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას

2. ყველა პროფესიის ადამიანს, რომელსაც აქვს ბავშვებთან ურთიერთობა, უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი საკვალიფიკაციო კურსი, მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე ყველა პროფესიონალს.

3. ადამიანი, რომელიც სექსუალური ან რაიმე სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი იყო ბავშვობაში, გასაჩივრებას შეძლებს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც, ანუ დანაშაულის ხანდაზმულობა აითვლება მას შემდეგ, რაც ბავშვი სრულწლოვანებას მიაღწევს.

4. ნებისმიერი ასაკის ბავშვები უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ. ბავშვს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი უფლება (აქამდე 14- წლამდე ბავშვების შემთხვევაში, სასამართლოსთვის უნდა მიემართა მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს)

5.არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაექვემდებარება სასამართლო კონტროლს ( აქამდე თუკი მშობელი მოისურვებდა ბავშვის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებას არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილება საჭირო).

6. დანაშაულის შედეგად დაზარალებული ან/და ძალადობის მსხვერპლ ან/და სავარაუდო მსხვერპლი ბავშვს უფლება აქვს მიიღოს კომპენსაცია, მათ შორის, ფინანსური ზარალის ანაზღაურება სწრაფი პროცედურებით, სახელმწიფოს მიერ, როდესაც ამგვარი ანაზღაურების სწრაფი მიღება შეუძლებელია დამნაშავის მხრიდან.

7.სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა ბავშვზე გარემოს დაბინძურების მავნე ზეგავლენის შემცირების მიზნით.

რა საკითხები იყო სადაო და რა შეიცვალა?

„ბავშვთა კოდექსის“ განხილვას სხვადასხვა ეტაპზე უკმაყოფილება და დისკუსიები მოჰყვა. ბავშვთა უფლებადამცველი და „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა აბაშიძე რადიო თავისუფლებას იმ პროცესზე უყვება, რომელიც კოდექსის განხილვას ახლდა.

"თავიდან პარლამენტში კანონის განხილვა იყო ძალიან ღია და აქტიური, რაღაც მომენტში ეს აქტიურობა დაიხურა, ჩვენი ჩართულობაც შეიზღუდა და მივიღეთ ვერსია, რომელიც გაკრიტიკდა,რამდენიმე შემთხვევას გავიხსენებ:

  • ბავშვის ოჯახიდან განცალკევება იყო სოციალური მუშაკის უფლებამოსილება, რაც სტანდარტს დაბლა სწევდა, ჩვენი პრინციპული პოზიცია კი იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს გარეშე არ უნდა მიიღებოდეს.
  • · ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკაში უნდა შემოეყვანათ რელიგიური პირები, ამ ადამიანებმა არ იციან ბავშვზე ზრუნვის თემა,

    ეს არ არის მათი პროფესია, ანუ ბავშვზე ზრუნვის გადაწყვეტილებას ვანდობდით იმ ადამიანებს, რომელთა გადაწყვეტილება შესაძლოა ყოფილიყო დამაზიანებელი და მეორეს მხრივ, ამისგან დაცვის საშუალება თეორიულად არც იარსებებდა. საბედნიეროდ ეს ვერსია ამოღებული იყო იმ დროს, რა დროსაც ეს ინიციატივა გაჩნდა.
  • · პრობლემური საკითხი იყო რეპროდუქციული განათლებაც, დღემდე ვიცით რომ ესეთი პროგრამები არ არსებობს ფორმალურ განათლებაში, მაგრამ თუკი ვინმე გადაწყვეტდა ამგვარი პროგრამის ამუშავებას უნდა ყოფილიყო მშობლის თანხმობა. ანუ განათლების რაღაც ნაწილი იყო არჩევითი. იმ მშობლების შვილები ვინც იაზრებენ ამ ინფორმაციის სიკეთეებს მიიღებდნენ ამ ინფორმაცია და დანარჩენები ვერა, რაც დისკრიმინაციულია. სამწუხაროდ სქესობრივი განათლების პროგრამის დანერგვა არ მოხდა ამ კოდექსით, თუმცა მშობლის მიერ ამის შეზღუდვის ეს პუნქტი ამოღებულია.

ახლა ჩვენი ამოცანაა მშობლებს და ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია იმ ცვლილებების შესახებ რაც მოხდა, რათა გამოიყენონ ის სიკეთეები, რაც ბავშვთა კოდექსს ახლავს. საჭიროა იმ უწყებებისთვის თვალის მიდევნებაც, რომელთაც დაეკისრათ კოდექსის აღსრულების პასუხისმგებლობა" - ამბობს ანა აბაშიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG