Accessibility links

ვლადიმერ ბორცვაძე: პრევენციისთვის ახალქალაქში პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ ახალქალაქში ახლა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. მან ახალქალაქში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ უწყება პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

"ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - ამბობს ბორცვაძე.

ახალგაზრდა კაცი ახალქალაქში გუშინ, 8 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობის შემდეგ ქალაქში არეულობა დაიწყო, სავარაუდოდ, გარდაცვლილის ოჯახმა იმ პირის კუთვნილი სასტუმრო გადაწვა, ვინც მკვლელად მოიაზრეს. ეს ვერსია სამხარეო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა მედიასთან გააჟღერა.

გარდა ამისა, ქალაქში გადამწვარია რამდენიმე სახლი და რამდენიმე მანქანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისთვის შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით კი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის სამიდან შვიდ წლამდე პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG